საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილებული იქნა. აღნიშნული ზომა ძალაში რჩება გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.

სებ-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. უწყების განმარტებით, ინიციატივის მთავარი მიზანი ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტის დაცვაა.

"საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე", — წერია სებ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სებ-ის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს.

ცნობისთვის, ნანა ყეინიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია 2023 წლის სექტემბრიდან. მისი ვადა 2030 წლის სექტემბერში იწურება. მანამდე ის იყო სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, 2012-2016 წლებში კი, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ხოლო 2001-2012 წლებში — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი.

რაც შეეხება მის სამეწარმეო საქმიანობას, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნანა ყეინიშვილი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს. კერძოდ, 100%-იანი წილები აქვს შპს "დანიელი 2022"-ში, შპს "მწვანე ენერგიის ჯგუფსა" და შპს "სადმელი ჰესში". ამასთან, ყეინიშვილი ფლობს შპს "იუნაითიდ ფაუერ ენერჯის" 30%-სა და შპს "ნათმეტალის" 1%-ს. აღნიშნული წილების მართვის უფლებამოსილება ნათია ლოლაძეს აქვს მინიჭებული.