ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტოს" (MTA) ინფორმაციით, საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება.

სააგენტოს განცხადებით, სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ერთდროულად დაიწყება.

როგორ ემზადება მთის ტრასების სააგენტო გუდაურში?

როგორც სააგენტო აცხადებს, გუდაური ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. კურორტზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დეკემბერში დასრულდება.

ახალი საბაგიროები და მოძრავი ხალიჩა

სნოუპარკის არეალში ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1 400 მეტრი იქნება. ასევე მოეწყობა 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა. ამორტიზებული საბაგიროების — "ხადასა" და "სნოუპარკის" — დემონტაჟი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია "დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი" ახორციელებს.

ორი ახალი სასრიალო ტრასა

გუდაურში პარალელურად მიმდინარეობს ორი ახალი სასრიალო ტრასის — "კობი 3-ისა" და "ტატრა 3-ის" მოწყობა. მათი საერთო სიგრძე 6 კილომეტრი იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ კურორტზე სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.

ხელოვნური გათოვლიანება და ღამის სრიალი

"სოლიკოსა" და "კიკილოს" ტრასებზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ჯამში 7 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთს მოიცავს.

გარდა ამისა, დაგეგმილია "ახალი გუდაურას" ტრასის განათება, რაც დამსვენებლებს ღამის საათებში სრიალის შესაძლებლობას მისცემს.