დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავა, რათა მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი განიხილოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წყაროებზე დაყწრნობით უკრიანული მედია წერს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია.

სააგენტოს წყაროების ცნობით, შეხვედრა სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის (უკრაინა-აშშ-რუსეთი) მზადებას შეეხება.

მანამდე, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მოლაპარაკებების გუნდი ევროპაში იმყოფება, პარასკევსა და შაბათს კი აშშ-ში უნდა იყოს.

ოთხშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ, დაადასტურა, რომ უკრაინა მზადაა, ოქტომბერში მშვიდობის შესახებ სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. მისი თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატისთვისაა მზად, მათ შორის, ფრონტის ხაზზე უპირობო ზავის დასამყარებლად.

1-ელ ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთთან ენერგეტიკული და შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი წინადადება არსებობს, რომლებიც აშშ-მა, ინდოეთმა, თურქეთმა და ეგვიპტემ წარადგინეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ენერგეტიკულ და შავ ზღვაში ზავის დამყარებისთვის მზადაა, თუმცა მხოლოდ ამ ორი მიმართულების ერთობლიობის შემთხვევაში.

"ჩვენ მზად ვართ ზავის სხვადასხვა ფორმატისთვის, მათ შორის, ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. ეს ყველაფერი გადავეცით ამერიკელებს, მათ კი ეს მიიღეს და ამ მიმართულებით მუშაობენ", — განაცხადა სიბიჰამ.