ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია მთავრობას საწვავზე აქციზის გადასახადის 2017 წლის ნიშნულზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ასე საქართველოს მოქალაქეების ყოფა შემსუბუქდება. როგორც სამუშიამ განაცხადა, დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება.

"მოსავლის აღების პერიოდია, შემდეგ დაიწყება ხვნა-თესვის სამუშაოები და ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე ფასების კომისიის შემქმნელებს, ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ აქვს არანაირი პასუხი. შესაბამისად, ამ ყველაფერს მოჰყვება ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, გლეხები, ფერმერები სოფლებს დატოვებენ, ვინაიდან ვერ ამუშავებენ მიწებს და წავლენ საზღვარგარეთ, ემიგრაციაში.

ფასების კომისიის შემქმნელებს, ქართულ ოცნებას მინდა მოვუწოდო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, მიიღო იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ მოქალაქეებზე. ქართულმა ოცნებამ 2017 წელს გააორმაგა აქციზის გადასახადი საწვავზე, რაც, ბუნებრივია, იწვევს ფასების მატებას. ძლიერი საქართველო - ლელო მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეამსუბუქეთ საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება, როგორც მინიმუმ, დროებით მაინც დააბრუნეთ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება", — განაცხადა ლევან სამუშიამ.

სამუშია დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აქციზის გადასახადის შემცირება საწვავის ფასების მნიშვნელოვან კლებას ვერ გამოიწვევს.

"დღეს ქართული ოცნების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურმე აქციზის გადასახადის კლება არაფერ შუაშია და არ გამოიწვევს ფასების კლებას საწვავზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის! მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნები? თქვენგან განსხვავებით, ამ ქვეყნების მთავრობები ზრუნავენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე, თქვენთვის კი მთავარია, რომ გაორმაგებული, რეკორდულად დიდი რაოდენობის ჯარიმები ამოუღოთ საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან. აგვისტოს თვეში 404 მილიონი ამოიღეთ ჯარიმის სახით. ამასთან დაკავშირებით კითხვა არ გაქვთ. თქვენთვის სულერთია საწვავის ფასის მატება, რადგან ავტომობილები გემსახურებათ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, რომელთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადეთ, ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობთ ახალ ავტომობილებს, ასხამთ საწვავს და მძღოლი გემსახურებათ. დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება არის გაუსაძლისი!" — განაცხადა ლევან სამუშიამ.

"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა

ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება და ამჟამად ფასის 5%-იან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 105 დოლარს აჭარბებს, ხოლო WTI-ის ნავთობის ფასი 92.78 დოლარია.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების პარალელურად, საწვავის ფასმა საქართველოშიც მოიმატა. ევრორეგულარის ფასი ამჟამად ბენზინგასამართ სადგურებზე 3.95-4.08 ლარს აღწევს, პრემიუმის ღირებულება 4.25-4.32 ლარამდეა, სუპერის ­— 4.40-4.60 ლარი, ხოლო დიზელის საწვავზე ფასი 4.93-5.07 ლარამდეა გაზრდილი.