61 წლის კანადელმა დონა უაილდმა ქალებს შორის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ის 5 საათის განმალობაში იყო სტატიკურად გაჩერებული (ე.წ. პლანკა).

ჰანტსმენის ხანდაზმულთა მსოფლიო თამაშების (Huntsman World Senior Games) აღმასრულებელი დირექტორის, კაილ კეისის თქმით, უაილდმა მათ 6 თვის წინ შეატყობინა, რომ თამაშებზე თავისივე მსოფლიო რეკორდის (4:30:11) გაუმჯობესება სურდა.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიაღწია დონამ 5-საათიან ნიშნულს:

კეისი აღნიშნავს: "საზოგადოებამ შეიძლება თქვას, რომ ასაკი გვზღუდავს, თუმცა ეს სიცრუეა. შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს, რაც გვსიამოვნებს, რაც კარგია ჩვენთვის და ჩვენი გარშემომყოფებისთვის. ასაკის გამო გაჩერება არაა აუცილებელი".

დონა უაილდის რეკორდის გარდა, თამაშებზე კიდევ ერთი აღსანიშნავი მოვლენა მოხდა — 100 წლის ალტა პირსონმა, ცხოვრებაში პირველად მიიღო შეჯიბრებაში მონაწილეობა. მან 50-მეტრიან გარბენში ჰანტსმენის თამაშების რეკორდი დაამყარა.

ჰანტსმენის ხანდაზმულთა მსოფლიო თამაშები 50 წელზე უფროსი სპორტსმენებისთვისაა შექმნილი, დასწრება კი ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია. თამაშები 5 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე, იუტას შტატის ქალაქ სენტ-ჯორჯში ტარდება.