ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინის გამოჩენამ ძალიან გაახარა. 38 წლის მსახიობი, რომელიც სერიალში ჯერემი გილბერტს როლს თამაშობდა, 3-4 ოქტომბერს პარიზში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და ფანებს შეხვდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში სტივენ მაკქუინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

მალევე სოციალურ ქსელებში ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა, ინტერნეტი კი მაკქუინის შეცვლილ გარეგნობაზე ალაპარაკდა. ფანებმა მსახიობი მაშინვე დაიცვეს და აღნიშნეს, რომ ახლა მთავარი მისი დაბრუნებაა და გარეგნობაზე საუბარმა ეს ფაქტი არ უნდა დაჩრდილოს.

ფოტო: Instagram

X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სტივენის გარეგნობის ირგვლივ ატეხილი ხმაური გააკრიტიკა: "სტივენ მაკქუინის ვიდეო შემხვდა და მის გარეგნობაზე დაწერილი ამდენი კომენტარი უბრალოდ ამაზრზენია". კიდევ ერთმა ფანმა აღნიშნა, თუ რა მნიშვნელოვანია სტივენის საჯაროდ გამოჩენა ამდენი წლის შემდეგ: "ხალხი ვერ ხვდება, რამხელა გამბედაობა დასჭირდა მას ამ შეხვედრაზე მოსასვლელად, რადგან ამდენი ხანია, ხალხში არ გამოჩენილა".

ბოლო წლებში სტივენი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებდა. სტივენის მამა, მსახიობი და ავტომრბოლელი ჩად მაკქუინი, 2024 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. ინტერნეტში ვარაუდობენ, რომ ამ ტრაგედიამ სტივენზე ძალიან იმოქმედა. თუმცა, თავად მსახიობს არასდროს უთქვამს, რომ მისი გაუჩინარება ან შეცვლილი გარეგნობა მამის სიკვდილს უკავშირდება.

ფოტო: Instagram

ვამპირის დღიურებში მაკქუინი 6 წელი მონაწილეობდა, შემდეგ კი პროექტი დატოვა, თუმცა 2017 წელს ის და ნინა დობრევი სერიალის ფინალურ ეპიზოდში ერთად დაბრუნდნენ. მოგვიანებით, 2018 წელს, მან ჯერემის როლი კიდევ ერთხელ შეასრულა სერიალის სპინ-ოფში Legacies.