2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა. დღეს, 5 ოქტომბერს საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

წლევანდელ კონკურსზე მასშტაბური აქტივობა დაფიქსირდა — სხვადასხვა რეგიონიდან 1200-ზე მეტი პედაგოგი წარადგინეს, ხოლო 120-მა კანდიდატმა განაცხადი თავად შეავსო.

კონკურსი ტრადიციულად სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ფაზაში აპლიკაციების ტექნიკური გადამოწმება ხდება, საიდანაც საუკეთესო ათეული ვლინდება. შემდეგ ეტაპზე ხუთი ფინალისტი გადადის, ხოლო 5 ფინალისტიდან ერთი გამარჯვებული სახელდება.

წლევანდელი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:

  • არჩილ თოდუა, ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;

  • მაგდა მიქაბერიძე, თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;

  • ეკატერინე ჩიქოვანი, თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

  • მადონა წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

  • ლაურა ჯიმშელეიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის "შავნაბადა" ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს საქართველოში უკვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ის 2016 წელს დაარსდა და უკვე 10 წელია, ინიციატივა განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეულ მასწავლებლებს ავლენს.

ცნობისთვის, აღნიშნული ჯილდო The Global Teacher Prize-ის ნაწილია და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი — გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი — საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი — კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი — ალტე უნივერსიტეტი.