საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, თავის მართვაში არსებული ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში სპეციალურად მოწყობილი სამალავი გამოიყენა და ქვეყანაში მალულად შეიტანა დაახლოებით 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება დაახლოებით 1 700 000 ლარია.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის შემოტანის წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.

ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000- მდე ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — წერია უწყების განცხადებაში.