2027 წლიდან ხელფასები 8.4%-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, "საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო საჯარო სექტორში, რისი გათვალისწინებითაც შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია 395 მილიონი ლარით".

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საჯარო მოხელეების ხელფასები ბოლო წლებში ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით იზრდება. 2027 წელს, რა გახდა ხელფასის 8.4%-ით ზრდის მიზეზი კვიჟინაძეს არ განუმარტავს.

ის ამბობს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ჯერ პირველადი ვარიანტია. ორშაბათიდან მას კომიტეტებში, შესაბამის სამინისტროებთან ერთად, განიხილავენ. შემდეგ დეპუტატები თავიანთ შენიშვნებსა და ცვლილებებს მთავრობას გადაუგზავნიან, რის შემდეგაც ნოემბერში ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი შევა.

"შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს — 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის ხალხს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, 665 ლარი ექნებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი პენსია 20 ლარით მოიმატებს. იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში.

ორშაბათიდან დაიწყება განხილვები კომიტეტებში. პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს — რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ბიუჯეტი არის პირველადი და ის გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენაზე", — განაცხადა კვიჟინაძემ.