თუ სასწავლო წლის დაწყების პერიოდში წიგნის მაღაზიაში მოხვედრილხართ, ალბათ შეამჩნევდით იმ აურზაურს, რაც სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენასთან იყო დაკავშირებული. სახელმძღვანელოს შეძენისთვის საგნის დასახელებასთან ერთად, საჭირო იყო ავტორის დაკონკრეტებაც, ვინაიდან სკოლასა და მასწავლებელს ჰქონდა თავისუფლება აერჩია ის წიგნი, რომლითაც წლის განმავლობაში ამა თუ იმ საგნის სწავლებისას იხელმძღვანელებდა.

თუმცა, ეს პრაქტიკა ეტაპობრივად იცვლება — თუ აქამდე განათლების სამინისტრო გრიფს სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ რამდენიმე ალტერნატიულ სახელმძღვანელოს ანიჭებდა, ახალი წესით ("ერთი საგანი — ერთი სახელმძღვანელოს") სამინისტრო თავად ქმნის სახელმძღვანელოს და ამტკიცებს. შესაბამისად, მასწავლებელი იძულებულია სწორედ იმ ერთი წიგნით იხელმძღვანელოს. მიმდინარე სასწავლო წელს, ახალი წესი რამდენიმე კლასის (I, V, VII, IX, X) სახელმძღვანელოებს შეეხო.

აღნიშნულმა ცვლილებამ პედაგოგების და მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით სამინისტრომ მათ სახელმძღვანელოს არჩევის თავისუფლება შეუზღუდა. თუმცა, არჩევანის შეზღუდვასთან ერთად, პედაგოგები ახალი სახელმძღვანელოების შინაარსობრივ და ტექნიკურ ხარვეზებზეც მიუთითებენ.

"სადღეგრძელოების რახარუხი" და გასაფერადებელი დავალებები — რა წერია ახალ სახელმძღვანელოებში?

ყველაზე დიდი კრიტიკა ისტორიის X კლასის სახელმძღვანელომ დაიმსახურა. ისტორიკოს ირაკლი ირემაძის შეფასებით, ისტორიის ახალი წიგნის სარჩევის გადაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილება დარჩა, რომ სადღეგრძელოების კრებულს კითხულობს და არა საგაკვეთილო თემებს.

ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე

ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე

ფოტო: Edo Mzhavanadze/FB

"სარჩევის წაკითხვისას ჩნდება ასოციაცია, რომ ვიღაც ყანწით უნდა იდგეს ხელში და ისე უნდა წაიკითხოს. მესმის, ისტორიამ საგმირო საქმეებიც უნდა მოუთხროს მოსწავლეს, მაგრამ რეალურად ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ყოველგვარი კრიტიკული უნარები გაუუქმდება მოსწავლეს და მხოლოდ იქნება ერთი ნარატივი მიწოდებული, რომელიც, სამეცნიერო თვალსაზრისითაც არ არის დამტკიცებული და ძალიან პრობლემურია," — ამბობს ის.

გარდა ამისა, ირემაძის თქმით, თუ წინა სახელმძღვანელოებში არასაჭირო ინფორმაცია ჭარბობდა და მოსწავლეს ერთ თემაზე 20 გვერდის წაკითხვა უწევდა — ახალ სახელმძღვანელოში ეს პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა ფაქტების დამახინჯების საფასურად.

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ტექსტი სამეცნიერო თვალსაზრისით რედაქტირებული არ არის. ბევრი უხეში ფაქტობრივი შეცდომაა" — ირაკლი ირემაძე

"ზოგადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ტექსტი სამეცნიერო თვალსაზრისით რედაქტირებული არ არის. ბევრი უხეში ფაქტობრივი შეცდომაა, თან ავტორმა აღიარა ეს შეცდომები და უბრალოდ მიუთითა, რომ წინა ტექსტებშიც იყო და მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმაო?" — ამბობს ირემაძე.

მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ილუსტრაციები

მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ილუსტრაციები

ფაქტობრივ შეცდომებზე საუბრობს ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძეც. ჯანელიძემ სოციალურ ქსელში განათავსა ვრცელი პოსტი, სადაც მაგალითებად მოჰყავს, რა ისტორიული მოვლენები დაამახინჯეს ახალ სახელმძღვანელოში.

"გვ. 160. თერგდალეულთა შორის მოხსენიებულია კონსტანტინე ლორთქიფანიძე. უნდა იყოს კირილე ლორთქიფანიძე.

გვ. 170. 1917 წლის აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წერია პეტერბურგი. უნდა ეწეროს პეტროგრადი, რადგან ამ ქალაქს 1914-1924 წლებში ასე ეწოდებოდა.

გვ. 170. წერია: ივანე ჯავახიშვილი რუსეთიდან სამშობლოში საბოლოოდ 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა. სინამდვილეში, დიდი მეცნიერი საქართველოში 1917 წლის აპრილში ჩამოვიდა. აქვე ვიტყვი, რომ ივანე ჯავახიშვილზე საუბრისას არაფერია ნათქვამი მეცნიერის მოღვაწეობაზე, მათ შორის პოლიტიკური კუთხით, პირველი რესპუბლიკის პერიოდში," — წერს ისტორიკოსი.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოს მხოლოდ პირველი ნაწილია გამოსული, საზოგადოების დიდი ყურადღება იმაზე საუბარს დაეთმო, როგორ არის წარმოდგენილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია და ამ პერსპექტივით ყველაზე დიდი კრიტიკა გეორგიევსკის ტრაქტატის ნაწილმა დაიმსახურა.

ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბრისას სახელმძღვანელოდან ქართველი ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის კრიტიკული შეფასება ამოღებულია.

"1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა, ზიანი კი – აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა," — წერდა ივანე ჯავახიშვილი გეორგიევსკის ტრაქტატზე.

ირემაძის განცხადებით, თუ წინა სახელმძღვანელოში ივანე ჯავახიშვილის მიერ ტრაქტატის კრიტიკულ შეფასებასაც შევხვდებოდით, ახალ სახელმძღვანელოში მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას ვხვდებით.

ნაწყვეტი ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოდან გეორგიევსკის ტრაქტატზე

ნაწყვეტი ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოდან გეორგიევსკის ტრაქტატზე

ირემაძეს მაგალითად მოჰყავს ისტორიულ მოვლენებზე მმართველი პარტიის შეფასებები და ამბობს, რომ აღნიშნულ შეხედულებებს ფაქტების სახით სახელმძღვანელოებშიც ვხვდებით.

"ყველა აქამდე არსებული ავტორიტარული რეჟიმი ისტორიის და იმ მეცნიერებების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაც ცდილობს, რომლებიც წარსულის გააზრებასა და მომავლის კონტურების გამოკვეთაზე არიან ორიენტირებული. მით უმეტეს ისტორიის ინსტრუმენტალიზაციას ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ჩვენს პოლიტიკაში," — ამბობს ირაკლი ირემაძე.

NEWS.On.ge-ს სურდა, მოესმია ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორების პასუხიც არსებულ კრიტიკაზე, თუმცა, ისინი ჯერჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მათთან კავშირზე გასვლისა და პასუხების მიღებისთანავე მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ,

განათლების სპეციალისტი და გეოგრაფი მანანა რატიანი გვიყვება, რომ მე-10 კლასისთვის განკუთვნილ გეოგრაფიის სახელმძღვანელოში შევხვდებით ისეთ დავალებებს, რომელიც მოსწავლეს ასაკთან შეუსაბამო დავალებებს სთავაზობს, როგორიცაა გაფერადება ან მოსაზრების გამოთქმა — იცხოვრებდა თუ არა მოსწავლე ამა თუ იმ ადგილას.

გეოგრაფი მანანა რატიანი

გეოგრაფი მანანა რატიანი

ფოტო: მარიამ მჭედლიძე/On.ge

"მე-10 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო არ აღიქვამს 16 წლის მოსწავლეს სერიოზულად და ასეთ პრიმიტიულ დავალებებს სთავაზობს. სახელმძღვანელო დაწერილია ისეთი ადამიანების მიერ, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან, ამ ასაკში რისი დაძლევა შეუძლიათ მოსწავლეებს და რა მოლოდინები უნდა განვუსაზღვროთ მათ," — ამბობს მანანა რატიანი.

რატიანს ასევე მაგალითად მოჰყავს გეოგრაფიის სახელმძღვანელოში დაშვებული ტექნიკური ხარვეზებიც. მისი განცხადებით, ხშირად შევხვდებით სურათებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული, თუმცა მოსწავლეს ამის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.

"ეს არის ილუსტრირებული ალბომი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შემავსებელი გვერდების ფოტოები და ის რუკაა, რომელიც ვთქვათ ინფორმატიულია, მიკროსკოპული ზომისაა, რომელსაც ვერ გააანალიზებს ვერანაირად მოსწავლე, იმიტომ, რომ მის ფერებს ვერ დაინახავს ამობეჭდილ წიგნში.

სახელმძღვანელოებში ასევე არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათები. ამის შესახებ სადღაც ერთგან არის ნახსენები, მაგრამ კონკრეტულად რომელია რეალური ფოტო და რომელი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, ეს არსად არ არის აღნიშნული, რაც ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს," — ამბობს რატიანი.

საბავშვო მწერალი და გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ლია შალვაშვილი კი, ბუნებისმეტყველების ახალ სახელმძღვანელოზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართული განათლების სისტემის ყველაზე სუსტი წერტილი საბუნებისმეტყველო მიმართულებაა, ახალ სახელმძღვანელოში კი უამრავი მეთოდური შეცდომაა.

ბუნება I კლასი, მოსწავლის წიგნი

ბუნება I კლასი, მოსწავლის წიგნი

"რატომ არის, რომ ძალიან ცოტა ირჩევს საბუნებისმეტყველოს... ფიზიკას და ქიმიას? იმიტომ, რომ უჭირთ ბავშვებს მაღალ კლასში ამ საგნების გავლა და [მათი ცოდნის] თავი სწორედ დაწყებითი სკოლაა, ხომ?

პირველკლასელებს, რომლებიც ახლა შევიდნენ სკოლაში, ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოში ხვდებათ, რომ სკოლის ეზოს ბინადრები ყოფილან ყვავი და ბუ.

უამრავი მეთოდური შეცდომაა, არანაირი მარტივიდან რთულისაკენ დაცვის პრინციპი, არანაირი მეთოდოლოგიური თანამიმდევრობა... პირველკლასელისთვის ერთ გაკვეთილზე უამრავი უცხო ტერმინი შემოდის," — აცხადებს ის.

რას ემსახურება "ერთი სახელმძღვანელოს" პრინციპი?

"ეს ჩვენი გასულელების და ჩვენი შვილების დაჩლუნგების სპეცოპერაციაა," — მშობელი მედეა ტურაშვილი.

"ამ განათლების სისტემამ და რეფორმამ მოგვცა ისეთი სიტუაცია, რომ არავინ არის ბედნიერი, არც მოსწავლე, არც მასწავლებელი, არც გამომცემელი, არც სპეციალისტი, არც სკოლის დირექტორი, არავინაა კმაყოფილი და ბედნიერი ამ სისტემით," — ამბობს მშობელი და მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი მედეა ტურაშვილი.

განათლების მკვლევარის და პარტია თავისუფლების მოედნის წევრის, სიმონ ჯანაშიას განმარტებით, 1990-იანი წლების ბოლოდან ქვეყანამ გაიარა გზა, სადაც ჯერ ალტერნატიული წიგნები გაჩნდა, ხოლო 2010 წლიდან ალტერნატივების რაოდენობაზე შეზღუდვა სრულად მოიხსნა. თუმცა, ახლა სახელმწიფომ ეტაპობრივად დაიწყო გამომცემლობების ჩანაცვლება, გააუქმა კონკურსი და გადავიდა "ერთი, ექსკლუზიური სახელმძღვანელოს" პირდაპირ შეკვეთაზე. ამასთან, ავტორთა ნაწილმა უარი თქვა ასეთ პირობებში მუშაობაზე, ნაწილი კი სრულიად გამოუცდელი კადრებით ჩანაცვლდა.

"ეს პოლიტიკა ახალი არ არის — ფაქტობრივად, დავბრუნდით საბჭოთა კავშირის დროინდელ მოდელთან, სადაც არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო და მისი ერთპიროვნული დამკვეთი თუ მწარმოებელი სამინისტრო იყო," — ამბობს სიმონ ჯანაშია.

განათლების მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკატერინე სლოვინსკი ამ პროცესს სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს:

"თუ სახელმწიფოს მიზანი კარგი სახელმძღვანელოების დადებაა, ეს გადაწყვეტილებები არასწორია. მაგრამ სინამდვილეში ეს საერთოდ არ არის მისი მიზანი — ეს არის ძალის დემონსტრირება ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმძღვანელოებით, დამთავრებული სკოლის ფორმებით. პოლიტიკური პრეფერენციებით შემთხვევითად შერჩეული ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ და განსხვავებული საგანმანათლებლო გემოვნება აქვთ, დასვეს ერთად და აწერინეს წიგნები. ასეთ პირობებში კარგი სახელმძღვანელოს დაწერა გამორიცხულია".