განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პედაგოგთა სახელფასო ანაზღაურების მარეგულირებელი გარდამავალი პერიოდი 2027 წლის დასაწყისამდე გახანგრძლივდა.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით:

წამყვანი და მენტორი პედაგოგებისთვის (მათ შორის სპეციალური მასწავლებლებისთვის) სქემით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მხოლოდ ერთ დაწესებულებაში (ან ერთ ტერიტორიულ ზონაში) სავალდებულო ხდება. მიუხედავად ამისა, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ისინი სტატუსის შესაბამის დანამატს შეინარჩუნებენ და მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც პარალელურად ასწავლიან.

დროებით ასევე ნარჩუნდება ძველი და ახალი წესით დათვლილი ხელფასების შედარებისა და სხვაობის კომპენსაციის პრაქტიკაც.

ახალი რეგულაციითვე განისაზღვრა დაწყებითი კლასების იმ მასწავლებლების ანაზღაურების საკითხი, რომლებსაც I-IV კლასებში სწავლების უფლება აქვთ და ამავდროულად საგნობრივად ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს "მე და საზოგადოება".