უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი, სამშაბათს, 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვდნენ. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ თეთრი სახლის ლიდერი უკრაინაში ომის ზამთრამდე დასრულებაში დაეხმარება. მან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა "პროდუქტიულად და პოზიტიურად" შეაფასა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"როგორც შეერთებულ შტატებს, ისე უკრაინას სურს, რომ ეს უაზრო რუსული ომი ზამთრამდე დასრულდეს. ჩვენ განვიხილეთ დეესკალაციის შესაძლო ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება დიპლომატიის გზა გაუხსნას", — წერს უკრაინის ლიდერი ტელეგრამზე.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა კიევის მზაობის შესახებ, შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იმ პირობით, რომ მოსკოვიც საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

"ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმატისთვის, თუ რუსეთი დაეთანხმება, რომ არ დაესხას თავს ჩვენს ენერგოსისტემას", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ არ იცის მოსკოვის პოზიცია, თუმცა იმედოვნებს, რომ ამერიკული მხარე იპოვის გზას, "დაარწმუნოს ისინი რაიმე სახის მოლაპარაკებებში".

ზელენსკიმ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზაობა "ნებისმიერ დროს".

"ტრამპს შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს სამმხრივ შეხვედრას, რომელზეც ლიდერები ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ და ომის დასრულებას შეეცდებიან", — განაცხადა მან.

მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპი "პოზიტიურად არის განწყობილი უკრაინაში Patriot-ის საზენიტო რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემის მიმართ".

"ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზუსტად არ ვიცი. შესაძლოა ერთ წელიწადში ან წელიწად ნახევარში, მაგრამ ეს არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი", — განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

შეგახსენებთ, 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით 130 მსოფლიო ლიდერი მონაწილეობს.