თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს — ინფორმაციას IPN ავრცელებს.

სააგენტომ IPN-ს განუცხადა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს.

"ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან," — აცხადებენ სააგენტოში.

18 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა. მათი ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
ამასთანავე, მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.

მომხდარის გამო 7 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 სექტემბერს გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, დედაქალაქის საბავშვო ბაღებში ბავშვებისა და აღმზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტზე, შესაბამისი უწყებები პირველივე წუთებიდანვე აქტიურად მუშაობენ. ცენტრის განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კვლევისა და ლაბორატორიული ანალიზების წინასწარი მონაცემებით, ინფექციის ძირითად და სავარაუდო გამომწვევ მიზეზად ნოროვირუსი სახელდება.