ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.

ადვოკატმა გიორგი ანთაძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ ის მხოლოდ დავით ფეიქრიშვილის ჩხრეკის პროცესს ესწრებოდა. მისივე ცნობით, ერთ-ერთ ძმას ძალადობას ედავებიან, ხოლო მეორე ძმისთვის წარდგენილი ბრალი ამ ეტაპზე მისთვის უცნობია. ადვოკატის ინფორმაციით, ძმებთან ერთად კიდევ ერთი პიროვნებაა დაკავებული.

"ორივე იზოლატორში იმყოფება — დიღმის და ზაჰესის. ერთ-ერთის ჩხრეკასა და დაკავებას ვესწრებოდი, მეორე ძმის ჩხრეკას არ დავსწრებივარ, რადგან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. რომელ ჩხრეკასაც მე ვესწრებოდი, იმ საქმეზე დაკავებული პირის მიმართ ბრალდება ძალადობის მუხლით არის წაყენებული. ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი არაფერი ამოუღიათ," — განაცხადა ადვოკატმა.

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებენ. შსს-მ ისინი 2016 წლის სექტემბერში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 2020 წლის იანვარში სუს-მა დააკავა 6 პირი (ხოლო მოგვიანებით ბრალი წარუდგინა ვატო ყიფიანს), რომლებიც ძმების ავტომობილის აფეთქებასა და მათ მკვლელობას გეგმავდნენ. 2023 წლის ნოემბერში კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და დიდი ოდენობით თანხის ყაჩაღურად დაუფლების ბრალდებით დააკავა.