აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განცხადებით, 23 სექტემბრიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს. ამის შესახებ მან CNBC-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

"როგორ ვაკეთებთ ამას? თუ ისინი დაეშვებიან აეროპორტში, მათ საწვავს ვერ მიაწვდით. ვერ გაუწევთ დაშვების მომსახურებას, ვერ მიჰყიდით ბილეთებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, დოლარის სისტემიდან გარიცხულნი აღმოჩნდებით", — განაცხადა ბესენტმა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ირანზე ზეწოლას "როგორც არასდროს, ისე" ახორციელებს და დასძინა, რომ აშშ ბლოკავს ირანის ხელშემწყობ ძალებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის — სანქციებს უწესებს ბანკებს, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ რუსული "ვითიბი ბანკის" შემთხვევაში მოხდა.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 27 ირანულ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის 5 საქართველოშიც დაფრინავდა. ირაკლი კობახიძემ 16 სექტემბერს განაცხადა, საქართველო არ უწესებს ორმხრივ სანქციებს ირანს, "მოქმედებს დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად".

გუშინ კი, "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა. მათი ცნობით, ბოლო რეისები ირანულმა ავიაკომპანიებმა 20 სექტემბერს შეასრულეს. 21 სექტემბრიდან კი მათი საქმიანობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შეზღუდული იქნება.

RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა

"ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე