ამერიკის შეერთებულ შტატებში დეპრესიის სამკურნალო სპეციალური მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია. შვედური კომპანია Flow Neuroscience-ის მიერ შექმნილი ინოვაციური აპარატი, რომელიც სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დეკემბერში დაამტკიცა, ტრადიციული მედიკამენტური თერაპიის ალტერნატივაა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობის შეძენა რეცეპტით უკვე შეუძლიათ, მაღალი ფასის გამო ის პაციენტებისთვის ჯერ კიდევ ძნელად ხელმისაწვდომია.

აპარატი შუბლზე მაგრდება და სპეციალური აპლიკაციით იმართება. ის პაციენტმა დღეში 30 წუთის განმავლობაში უნდა ატაროს. მოწყობილობა ტვინის მარცხენა შუბლის წილში, რომელიც განწყობისა და ემოციების რეგულირებაზეა პასუხისმგებელი, დაბალი ინტენსივობის ელექტრულ სტიმულაციას უზრუნველყოფს.

ასევე, ნახეთ: როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და როგორ დავეხმაროთ გარშემომყოფებს — ინტერვიუ ანა ღვინიანიძესთან

სპეციალისტების განმარტებით, დეპრესიის მქონე ადამიანებს აქტივობა ტვინის სწორედ ამ ნაწილში აქვთ დაქვეითებული. მოქმედების მექანიზმით მოწყობილობა ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას (TMS) ძალიან ჰგავს, თუმცა ამ მეთოდისგან განსხვავებით, მისით სარგებლობა კლინიკაში სიარულსა და დიდ ხარჯებს ($15 000)არ მოითხოვს. ახალი აპარატის გამოყენება სახლის პირობებში, სრულიად უსაფრთხოდ არის შესაძლებელი.

174 პაციენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ 10 კვირის თავზე აპარატის მომხმარებელთა 45%-ს დაავადების სიმპტომები გაუქრა. ეს მაშინ, როცა საკონტროლო ჯგუფში მსგავს გაუმჯობესებას მხოლოდ 22%-მა მიაღწია.

მოწყობილობის გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე მედიკამენტებთან ერთად. ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად წონის მატებას, ძილიანობას ან სხვა მძიმე უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, ამ მოწყობილობის გვერდითი ეფექტები მსუბუქია. ძირითადად ესაა კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი და კონცენტრაციის გართულება.

ევროპაში მოწყობილობა 2019 წლიდან არის დაშვებული და მას უკვე 65 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს, დიდ ბრიტანეთში კი ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) მის საპილოტე ტესტირებას ატარებს. აშშ-ში პაციენტებს აპარატის შესაძენად რეცეპტი დასჭირდებათ და ხარჯების დაფარვა ჯერჯერობით საკუთარი სახსრებით მოუწევთ.

"დარწმუნებული ვარ, ანტიდეპრესანტების მომხმარებელ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ წამლებზე დამოკიდებულება არ სურს. ამ ადამიანებს მკურნალობის ალტერნატიული, არაქიმიური მეთოდი ურჩევნიათ", — ამბობს პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი, ვინოდ ხოსლა.

აპარატის საწყისი ფასი 10 კვირის განმავლობაში 2 200 დოლარს შეადგენს, რის შემდეგაც ყოველთვიური გადასახადი 325 დოლარია. ამჟამად კომპანია სადაზღვევო სექტორთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს, რათა დანახარჯები სადაზღვევო პაკეტებმა დაფაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.