Anthropic-მა დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც AI მოდელ Claude-ის ბოროტად გამოყენების ფაქტებს აღწერს. რუსეთთან დაკავშირებულმა ოპერატორებმა ის კიბერშპიონაჟისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და დრონების განვითარებისთვის გამოიყენეს.

კომპანიამ რუსეთიდან წვდომა, ვებსაიტის ტრაფიკი და საბანკო ბარათები დაბლოკა, თუმცა ოპერატორებმა ამ შეზღუდვებს გვერდი მაინც აუარეს, მათ შორის კომერციული VPN სერვისების მეშვეობით.

ანგარიშის მიხედვით, ჰაკერულმა ჯგუფმა GTG-20006-მ — იგი Midnight Blizzard-თანაა დაკავშირებული — Claude გამოიყენა კიბერთავდასხმების ავტომატიზებისთვის, რომლებიც 20-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ განახორციელა. მთავარი სამიზნეები უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის სამინისტროები იყო; ჰაკერებმა იერიში დრონების მიმწოდებლებზეც მიიტანეს; მიზანში ამოიღეს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სამთავრობო უწყებებიც.

ოპერატორებმა Claude, კერძოდ, ინჟინერ-ასისტენტად გამოიყენეს მავნე პროგრამებისა და ფიშინგის ხელსაწყოების შექმნისას. მათ AI მოდელს ავტორიზაციის მონაცემების მოპარვა და ინფორმაციის ამოღება დაავალეს. ჰაკერებმა ის სრულიად ავტონომიური კიბეროპერაციებისთვისაც გამოიყენეს.

გარდა ამისა, ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ერთ-ერთმა ოპერატორმა Claude ყოველდღიური პროკრემლისტური რადიოკონტენტის შესაქმნელად გამოიყენა. ამ ოპერატორს Wagner-ის მემკვიდრესთან (African Corps/Africa Politology) აკავშირებენ. გენერირებული მასალა საფრანგეთსა და შიდა ოპოზიციაზე თავდასხმას ისახავდა მიზნად. მოლდოვაში რუსული ქსელის, Sputnik-ის, ყოფილმა რეგიონულმა ხელმძღვანელმა AI ინსტრუმენტი იმისთვის გამოიყენა, რომ სიახლეები და გამოკითხვების მონაცემები პროკრემლისტურ პროპაგანდად გადაექცია.

ამასთანავე, ანგარიშის თანახმად, Claude გამოიყენეს ავტონომიური დრონების პროგრამული უზრუნველყოფისთვისაც. რუსეთთან დაკავშირებულმა დეველოპერებმა Claude Code-ს მიმართეს, რათა კამიკაძე დრონებისთვის პროგრამული უზრუნველყოფა დაეწერათ. დეველოპერებმა AI მოდელები უკრაინიდან მიღებულ საბრძოლო ვიდეომასალებზე გაწვრთნეს. შედეგად მათ ავტონომიური დამიზნების სისტემა შექმნეს და გამოცადეს. ტესტირებისას სისტემა დონეცკის რეგიონში არსებული სამიზნისკენ მიმართეს.

Anthropic-მა პროექტში ჩართული ცხრა ანგარიში რუსულ უნივერსიტეტს და ერთ-ერთ კვლევით ცენტრს დაუკავშირა. თავად ამ უკანასკნელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას უკავშირებენ.

შემთხვევების გამოვლენის შემდეგ კომპანიამ ყველა იდენტიფიცირებული ანგარიში გააუქმა და უსაფრთხოების სისტემებიც გააძლიერა. Anthropic-მა ინფორმაცია ხელისუფლებასაც გაუზიარა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.