მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
ფოტო: Getty Images
ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ კანადელ მოზარდებზე ჩატარებული ახალი მასშტაბური კვლევის თანახმად, სოციალურ ქსელებში გატარებული ჭარბი დრო შფოთვის, დეპრესიისა და გაუცხოების განცდას უკავშირდება, განსაკუთრებით კი გოგოებში.
მეცნიერებმა 12-იდან 18 წლამდე ასაკის მოზარდების ორი დიდი ჯგუფი შეისწავლეს: პირველში 58 000-ზე მეტი (2021-22 სასწავლო წელი), ხოლო მეორეში თითქმის 45 000 მოზარდი (2022-23 წლები) ერთიანდებოდა. გარდა ამისა, მკვლევრები ერთი წლის განმავლობაში 27 000-ამდე ერთსა და იმავე მოზარდს აკვირდებოდნენ. მონაცემები ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში გატარებული დროის, შფოთვის, დეპრესიის, საერთო კეთილდღეობის, ემოციების მართვისა და სოციალური ურთიერთობების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.
ასევე, წაიკითხეთ: ახალი კვლევა: გვიანობამდე სქროლვა მოზარდებში უძილობას და დეპრესიას იწვევს
შედეგებმა აჩვენა, რომ სოციალურ ქსელებში გატარებული ყოველი დამატებითი ერთი საათი საშუალო ან მძიმე დეპრესიის განვითარების რისკის 15%-ით, ხოლო შფოთვის ალბათობის 12-13%-ით გაზრდასთან ასოცირდება. ეს ასევე დაკავშირებული იყო კეთილდღეობის დაქვეითებასთან, ემოციური კონტროლის გაუარესებასა და პირადი ურთიერთობების ხარისხის შესამჩნევად გაუარესებასთან.
კვლევის ხელმძღვანელი, მედლინ ქერლი, მიღებულ შედეგებს ასე აფასებს:
"ეს პროცენტული მაჩვენებლები მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ახალგაზრდა იყენებს ამჟამად სოციალურ მედიას ყოველდღიურად".
სოციალურ ქსელებში გატარებული დამატებითი დრო ფსიქიკურ ჯანმრთელობას ნებისმიერი სქესის მოზარდებში აუარესებს. ამის მიუხედავად, კვლევის თანახმად, ეს კავშირი ყველაზე ძლიერად გოგოებში ვლინდება. მედლინ ქერლის განმარტებით, ამას კონკრეტული ფაქტორები განაპირობებს:
"არსებობს მტკიცებულება, რომ გოგოები სოციალურ მედიას, შესაძლოა, ბიჭებზე უფრო ინტენსიურად იყენებენ. გარდა ამისა, სოციალური მედიის მოხმარებას შეიძლება უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს გოგოების მიერ საკუთარი სხეულის აღქმაზე, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, როგორიც, მაგალითად, დეპრესიაა".
დროთა განმავლობაში სოციალური მედიის მოხმარების ზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების წინაპირობა იყო ყველა მოზარდისთვის, გენდერული სხვაობის გარეშე.
"ამ მიგნებებს, წინა კვლევებთან ერთად, ახალგაზრდების დასაცავად მოქმედებათა პოლიტიკის მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს", — აცხადებს ალბერტას უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის, სპორტისა და რეკრეაციის ფაკულტეტის პროფესორი და კვლევის თანაავტორი, დოქტორი ვალერი კარსონი.
კვლევის შედეგები პირდაპირ ეხმიანება კანადაში ინიციირებულ ახალ კანონპროექტს — "უსაფრთხო სოციალური მედიის აქტს", რომელიც 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მსგავსი პლატფორმებით სარგებლობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
სპეციალისტების შეფასებით, მიღებული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ეკრანთან გატარებული დროის რეგულირება და შემცირება ახალგაზრდა თაობის ემოციური და ფსიქიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია.
ნაშრომი ჟურნალ Journal of Adolescence-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები