აშშ-ის სენატორი ბერნი სანდერსი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც ე. წ. ხელოვნური ზეინტელექტის შექმნის აკრძალვას ითვალისწინებს. სანდერსის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ დეველოპერებს, რომლებიც ამ წესის გვერდის ავლით მაინც შეეცდებიან სუპერინტელექტის შექმნას, შეიძლება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროთ. კანონით გათვალისწინებული სასჯელის ეს ვადა ბირთვული იარაღის უკანონო შექმნისთვის დაწესებულ სასჯელს უტოლდება.

კანონპროექტი, სახელწოდებით "ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვის აქტი" (Ban Artificial Superintelligence Act), მიზნად ისახავს "შეაჩეროს AI ოლიგარქები ისეთი მანქანების შექმნისგან, რომელთა გაკონტროლებაც ადამიანებს არ შეუძლიათ". სანდერსის მოთხოვნით, ტექნოლოგიის განვითარება სრულად უნდა შეჩერდეს მანამ, "სანამ ფედერალური მარეგულირებელი უსაფრთხოების წესებს არ დაადგენს".

სენატორი სოციალურ ქსელში ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერების — დარიო ამოდეის, ილონ მასკისა და სემ ალტმანის — პოზიციას გამოეხმაურა:

"დარიო ამოდეი, ილონ მასკი და სემ ალტმანი ახლა უკვე თანხმდებიან, რომ AI-ს განვითარება უნდა შევანელოთ. ეს დასაწყისია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. როდესაც კლდისკენ მიექანები, გაზის სატერფულს უბრალოდ კი არ უშვებ ფეხს, მუხრუჭს აჭერ".

ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ

კანონმდებლების პოზიციები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც OpenAI-ს მოდელებმა პლატფორმა Hugging Face-ის სისტემა გატეხეს. ამ მოვლენის გამო სენატის ქვეკომიტეტმა OpenAI-ს მოკვლევა დაიწყო. გარდა ამისა, სანდერსი ხელოვნური ინტელექტის სფეროში სიმდიდრის კონცენტრაციის წინააღმდეგაც იბრძვის. ივნისში მან AI კომპანიების აქციებზე "ერთჯერადი 50-პროცენტიანი გადასახადის" დაწესება და თანხის მთავრობის მიერ მართულ საჯარო ფონდში გადატანა მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები სახელმწიფო რეგულაციებისადმი მზაობას გამოთქვამენ, თავად პოლიტიკურ წრეებში ერთსულოვნება არ არის. აღმასრულებელი ხელისუფლება ტექნოლოგიის შენელებისადმი ინტერესს ნაკლებად იჩენს; მაგალითად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში (Truth Social) ამ ინიციატივებს დასცინა და დაწერა, რომ მიმდინარეობს "ავადმყოფური შეთქმულება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების წინააღმდეგ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.