ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
ფოტო: Getty Images
კაცებში ტესტოსტერონის დონე შემცირებას დაახლოებით 35 წლის ასაკიდან იწყებს. ახალი კვლევის თანახმად, ამ პროცესში, შესაძლოა, სხვა მნიშვნელოვანი მეტაბოლური ფაქტორი უფრო მეტად მონაწილეობდეს.
ეს მუცლის ვისცერალური ცხიმია, ანუ ის ცხიმოვანი ქსოვილები, რომლებიც ღრმადაა განლაგებული. ის შეიძლება ორგანოების გარშემო დაგროვდეს, მათ შორის: კუჭის, ნაწლავებისა და ღვიძლის. ასეთ ცხიმს ჰორმონ ტესტოსტერონის რეცეპტორებიც აქვს, ამიტომ მის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა.
მეცნიერებმა აშშ-ში მცხოვრები 5000-ამდე კაცის მონაცემები შეისწავლეს. მათი ასაკი 20-59 წელი იყო. კვლევამ ვისცერალურ ცხიმსა და ტესტოსტერონის დონის შემცირებას შორის ძლიერი ასოციაცია გამოავლინა. მეტიც — ამ ასაკობრივ კატეგორიაში მსგავსი ცხიმოვანი ქსოვილების გავლენა უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ქრონოლოგიური ასაკის.
ეს სხვა კვლევებმაც აჩვენა. მაგალითად, 2007 წლის ნაშრომში მეცნიერები გვიყვებიან, რომ სხეულის მასის ინდექსის (BMI) 4-5 ერთეულით მომატება ტესტოსტერონის დონის შემცირებასთან დააკავშირეს. შედარებისთვის, ეს გავლენა დაახლოებით 10 წლით დაბერების ზემოქმედების მსგავსი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ BMI და წელის გარშემოწერილობა, რომლებიც ზედმეტი მასის გამოსათვლელად ფართოდ გამოიყენება, კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობის საუკეთესო საზომი არაა. შეიძლება კაცებს ეს ორივე მაჩვენებელი ერთნაირი ჰქონდეთ, მაგრამ ტესტოსტერონის კონცენტრაცია მათში მაინც საგრძნობლად განსხვავებული იყოს. მაშასადამე, არაა გამორიცხული, ჯანსაღი BMI-ის მქონე ახალგაზრდა კაცის ორგანიზმში ჭარბი ვისცერალური ცხიმი "იმალებოდეს".
ზუსტად არ ვიცით, რატომაა ასეთი მჭიდრო კავშირი ვისცერალურ ცხიმსა და ტესტოსტერონს შორის, მაგრამ მეცნიერებს რამდენიმე ჰიპოთეზა აქვთ. მაგალითად, მუცლის ღრმა ფენაში არსებულ ცხიმს ინსულინრეზისტენტობის ხელშეწყობა შეუძლია, რის შედეგადაც სათესლეებში ზოგიერთმა უჯრედმა შეიძლება ქოლესტერინის ტესტოსტერონად გარდაქმნა ვეღარ მოახერხოს. ასევე, ვისცერალური ცხიმი ანთებითი პროცესების გააქტიურების რისკს შეიცავს, ეს კი ჰორმონალურ სიგნალებს აფერხებს და ტესტოსტერონს ესტრადიოლად აქცევს.
უკანასკნელი მიგნებები მიანიშნებს, რომ ჰორმონალურ დეფიციტს პირდაპირ შეიძლება არა ტესტოსტერონის ჩანაცვლების თერაპიით, არამედ ვისცერალური ცხიმის შემცირებით უფრო ვებრძოლოთ.
ნაშრომი გამოცემაში Journal of the Endocrine Society გამოქვეყნდა.
ასევე, იხილეთ:
- რატომ ჩნდება შუახნის ასაკში ღიპი? — მეცნიერებმა "დამნაშავე" იპოვეს
- კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული

კომენტარები