9 სექტემბრის ღონისძიებაზე Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები — Apple Watch Series 12 და Ultra 4 — ოფიციალურად წარადგინა. ორივე მათგანს ჯანმრთელობის კონტროლის გაუმჯობესებული სისტემა აქვს, სხვა სიახლეები კი ასე გამოიყურება:

Apple Watch Series 12-ისა და Ultra 4-ის ფუნქციები

ახალ მოდელებს უკვე ნაცნობი დიზაინი აქვს, თუმცა ჯანმრთელობის სენსორული სისტემა ორივეს გაუმჯობესდა, ამაში მთავარი წვლილი კი გულის რითმის განახლებულ მონიტორს მიუძღვის.

ახალი სისტემა გულისცემას უკვე ყოველ 5 წამში ერთხელ ზომავს — იმაზე 60-ჯერ ხშირად, ვიდრე წინა მოდელები. გარდა ამისა, საათები გულისცემის ცვალებადობას (HRV) ყოველ ხუთ წუთში ერთხელ აფასებს. Apple-ის განცხადებით, ახალ სისტემას გულის ცემის ყველაზე ზუსტი სენსორი აქვს, რაც კი ოდესმე მაჯის მოწყობილობაში გამოყენებულა.

ფოტო: Apple

Apple საათებს ახალ Readiness ფუნქციასაც ამატებს. იგი სასიცოცხლო მაჩვენებლებს, ძილს, ფიზიკურ დატვირთვასა და ბოლოდროინდელ აქტივობას შეაფასებს, შედეგად კი ყოველდღიურად 0-იდან 10 ქულამდე შეფასებას დაწერს და გვირჩევს, რამდენად უნდა დავტვირთოთ სხეული.

Apple Watch Series 12 და Ultra 4 მოდელები Apple-ის ახალ S11 ჩიპზე მუშაობს. იგი A20 Pro-ზე დაფუძნებულ CPU-ს, GPU-სა და Neural Engine კომპონენტებს მოიცავს. Apple Watch Ultra 4 დამუხტვის გარეშე უფრო დიდხანს მუშაობს, ვიდრე წინა მოდელი.

აუდიოინტელექტი

Apple-მა ახალ ჭკვიან საათებს აუდიოინტელექტის ახალი ფუნქცია დაამატა. ეს ხმის, თუნდაც კარზე კაკუნის, ამოცნობასაც მოიცავს.

გვხვდება "პირდაპირ რეჟიმში გადახვევის" ფუნქციაც, რომელიც საშუალებას იძლევა, 15 წამით უკან გადავახვიოთ და გავიგოთ, რა თქვა ადამიანმა. ფუნქციის გააქტიურება Digital Crown-ზე ორჯერ დაჭერითაა შესაძლებელი.

აუდიოინტელექტის მუშაობის პრინციპებზე Apple-მა ახლახან სპეციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა.

კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა Siri-ს Recaps. გააქტიურების შემთხვევაში მას შეუძლია, მაგალითად, აუდიოჩანაწერების გამოყენებით შეხვედრები შეაჯამოს.

ფოტო: Apple

ფასები და ხელმისაწვდომობა

Apple Watch Series 12-ისა და Ultra 4-ს წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია Apple-ის საიტიდან. ხელმისაწვდომი ისინი 18 სექტემბერს გახდება. ფასები იგივეა, რაც Series 11-ისა და Ultra 3-ის შემთხვევაში იყო — ერთის ღირებულება $399-იდან იწყება, მეორისა კი $799-იდან.

Apple Watch Series 12-ზე მეტს Apple-ისავე პრესრელიზიდან შეიტყობთ, ამ ბმულზე კი Apple Watch Ultra 4-თან დაკავშირებულ დეტალებს გაიგებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.