გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
ფოტო: NASA Earth Observatory/Lauren Dauphin
აგვისტოში გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პეტერმანის მყინვარს უზარმაზარი აისბერგი გამოეყო, რომელიც დაახლოებით მანჰეტენის ზომისაა. მის გადაადგილებას მეცნიერები აკვირდებიან, მათ შორის NASA-სა და აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სამსახურის Landsat-ის სატელიტების მეშვეობით.
სპეციალისტთა მიერ დაფიქსირებულ კადრებში ჩანს, რომ ყინულის გიგანტური მასა კუნძულ ჯოს შეეჯახა. ეს უკანასკნელი ნერსის სრუტეში მდებარე მომცრო ხმელეთია, რომლის ფართობიც 1.1 კმ2-ია. ამის მიუხედავად, აისბერგი არ დანაწევრებულა — ის გადარჩა და ტივტივი განაგრძო.
ამ აისბერგს "ყინულის კუნძულადაც" მოიხსენიებენ. ის 4 აგვისტოს პეტერმანის მყინვარის წაგრძელებულ არეალს გამოეყო, რომელიც არქტიკის ოკეანეში 70 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული. ეს 2012 წლის შემდეგ მყინვარის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო.
აისბერგის ფართობი 76 კმ2-ია, მისი სისქე კი 150 მეტრს შეადგენს. პირველ კვირაში ის დღეში საშუალოდ 3 კილომეტრი მანძილით გადაადგილდებოდა, რის შედეგადაც ღრმა მყინვარული ყურე გადალახა და ნერსის სრუტისკენ "აიღო გეზი".
ფოტო 1: NASA / ფოტო 2: NASA
სწორედ იქ გადაიკვეთა მისი ტრაექტორია კუნძულ ჯოსთან, რომელიც ძალიან მცირე ზომისაა. მეცნიერები ამბობენ, რომ გაუკვირდათ, როცა მყინვარი ამ შეჯახებას გადაურჩა — როგორც წესი, ყინულის ასეთი მასები მსგავსი ურთიერთქმედებისას ფრაგმენტებად იყოფა ხოლმე.
ეს არ ნიშნავს, რომ "ყინულის კუნძულისთვის" საფრთხეები დასრულდა. პეტერმანის მყინვარიდან გამოყოფილი მასებისთვის ჯო მხოლოდ პირველი დაბრკოლებაა. აისბერგზე ძლიერი ქარები, ოკეანური დინებები და მოქცევებიც იმოქმედებს. ქარმა და დინებებმა ის ყურიდან უკვე განდევნა და სამხრეთ-დასავლეთისკენ გადააადგილა. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ იგი, ადრე თუ გვიან, მაინც დანაწევრდება.
პეტერმანის მყინვარიდან დიდი ზომის აისბერგები აქამდეც განცალკევებულა. მაგალითად, 2010 წელს მას 251 კმ2-იანი მასა მოსწყდა, 2012-ში კი —130 კმ2-იანი. მის ცვლილებას მეცნიერები სატელიტების მეშვეობით 2019 წლიდან აკვირდებიან. ისინი ვარაუდობენ, რომ მყინვარს ახლო მომავალში კიდევ ორი ფრაგმენტი გამოეყოფა: 94 კმ2-იანი და 84 კმ2-იანი.
კომენტარები