"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
ფოტო: inspire fusion
Apple ოპერაციულ სისტემა iOS 27-ში ახალ ფუნქციას — iPhone Handoff-ს — შემოგვთავაზებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთი ტელეფონის ნომერი ორ iPhone-ზე გამოვიყენოთ და საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობებს შორის მარტივად გადავერთოთ.
ფუნქციის შესახებ Apple-მა პირველად ივნისში, WWDC 2026 პრეზენტაციაზე, ისაუბრა. iPhone Handoff მაშინ iOS 27-ის ასობით სიახლეს შორის იყო ჩამოთვლილი და კომპანიას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
ახლახან MacRumors-ის ფორუმის მომხმარებელმა pdfu-მ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ იმუშავებს ახალი ფუნქცია. ვიდეოში ორი აიფონის სიმულაციას ვხედავთ, რომელიც Xcode 27-ის Device Hub-ში გაუშვეს.
iPhone Handoff-ის გააქტიურება პარამეტრებიდან (Settings), კერძოდ Cellular მენიუდან, იქნება შესაძლებელი. დაყენებისას ძირითად და დამატებით, ანუ Companion, მოწყობილობას ავირჩევთ.
მთავარ აიფონზე მომხმარებლის ძირითადი eSIM დარჩება, ხოლო მეორე მოწყობილობა დამატებით eSIM-ს მიიღებს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ ორივე ტელეფონზე ერთი და იმავე ნომრით ვისარგებლოთ.
ფიჭური კავშირის ყველა პარამეტრის მართვა მთავარი აიფონიდან იქნება შესაძლებელი. მდებარეობის გაზიარებისას სისტემა იმ მოწყობილობას გამოიყენებს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ტელეფონის ნომრით აქტიურად სარგებლობს.
ფუნქციის გამოსაყენებლად, ცხადია, ორი iPhone იქნება საჭირო და ორივე მათგანი iOS 27-ზე უნდა მუშაობდეს. ამასთან, iPhone Handoff-ის ხელმისაწვდომობა მობილურ ოპერატორზეც იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით, ფუნქციას მომხმარებლებს პირველები, სხვა ოპერატორებთან ერთად, აშშ-ის T-Mobile და გერმანიის Deutsche Telekom შესთავაზებენ.
iOS 27-ის ბეტა-ტესტირება დაახლოებით სამი თვეა მიმდინარეობს. ოპერაციული სისტემის საბოლოო ვერსიის გამოსვლას სექტემბერში ველით. iPhone Handoff-ზეც ამის შემდეგ შევიტყობთ უფრო მეტი დეტალს.

კომენტარები