გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა ასამბლეამ ახალი რეზოლუცია, "შეასწორე რუკა", მიიღო, რომელიც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მერკატორის პროექციის ჩანაცვლებას ითხოვს.

აფრიკის კავშირისა და ბაჰამის კუნძულების ინიციატივას 164-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, ექვსმა ქვეყანამ თავი შეიკავა (მათ შორის საქართველომ), წინააღმდეგი კი მხოლოდ შეერთებული შტატები იყო.

გადაწყვეტილების მთავარი მიზანი კონტინენტების, განსაკუთრებით კი აფრიკის, რეალური ზომის ზუსტად ასახვაა. ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი "Equal Earth-ის" (თანაბარი დედამიწის) რუკა სხვადასხვა რეგიონის ხმელეთის ნამდვილ ფართობს ბევრად უფრო ესადაგება.

ასევე, იხილეთ: რუკა, რომელსაც თქვენ იყენებთ, მცდარია — როგორ გამოიყურება დედამიწა რეალურად?

როგორია ძველი რუკა?

1569 წელს ფლამანდიელი კარტოგრაფის, გერჰარდ მერკატორის, მიერ შექმნილი რუკა საუკუნეების განმავლობაში ევროპელ მეზღვაურებს ოკეანეში ნავიგაციაში ეხმარებოდა. მერკატორის რუკაზე გავლებული სწორი ხაზი კომპასის რეალურ მიმართულებას ზუსტად ემთხვევა.

ამის მიუხედავად, სანავიგაციო სიზუსტის შესანარჩუნებლად საჭირო გახდა, რომ ეკვატორიდან დაშორებული ხაზები "გაწელილიყო". დედამიწის სიმრუდესთან შესაბამისობისთვის რუკაზე ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნები იმაზე მცირე ზომის ჩანს, ვიდრე რეალურადაა, პოლუსებთან არსებული ტერიტორიები კი — პირიქით.

ამის გამო მერკატორის რუკაზე აფრიკა და გრენლანდია თითქმის ერთნაირი ზომისაა, როცა, რეალურად, აფრიკის კონტინენტი ამ კუნძულზე 14-ჯერ დიდია. გრენლანდიის ფართობი დაახლოებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკისას უტოლდება. ასეა თუ ისე, მერკატორის პროექცია 450 წელზე მეტია, იმ რუკებში გამოიყენება, რომლებსაც საკლასო ოთახებში, ტელევიზორებსა და ონლაინ სივრცეში ვხედავთ, მათ შორის Google Maps-ში.

ძველი რუკა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბებს ხელოვნურად ზრდის, ე.წ. გლობალური სამხრეთისას კი აპატარავებს. გეოგრაფების შეფასებით, ტერიტორიების ასე ასახვა იმაზე მოქმედებს, თუ როგორ აღვიქვამთ ამ რეგიონებს — ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა უფრო მნიშვნელოვნად გვეჩვენება, ვიდრე აფრიკა, ლათინური ამერიკა, აზია და ოკეანეთი.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს აფრიკის მდიდარი რესურსების, პოპულაციის სიდიდისა და ინვესტირების შესაძლებლობების გააზრებას უშლის ხელს. შესაბამისად, რუკები გარკვეულწილად განსაზღვრავს, როგორი წარმოდგენა გვექმნება ქვეყნებზე პოლიტიკურად და ეკონომიკურად — ის მხოლოდ გეოგრაფიული გზამკვლევი აღარაა.

სწორედ ამიტომ, გაეროს ახალი რეზოლუციის ავტორები ამ ისტორიულ ცვლილებას "კოგნიტიურ სამართლიანობას" უწოდებენ. ინიციატივას საფრანგეთიც ღიად მიემხრო. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს თქმით, დროა, სამყარომ დამახინჯებული აღქმები დაძლიოს, რადგან ფართოდ გავრცელებულ რუკებზე აშშ, ჩინეთი და რუსეთი, აფრიკასთან ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან შედარებით არაპროპორციულად დიდ სივრცეს იკავებს.

მერკატორის რუკა.

ფოტო: Getty Images

ახალი რუკა და პრობლემის გადაჭრის სხვა მცდელობები

ალტერნატიული მოდელი, Equal Earth, კარტოგრაფებმა 2018 წელს შექმნეს და გაერომდე ის აფრიკის კავშირმაც ოფიციალურად დაამტკიცა.

ეს რუკა 1963 წლის ე.წ. რობინზონის პროექციის შთაგონებით შეადგინეს. მასზე კონტინენტები რეალური ზომითა და ფორმითაა ნაჩვენები. შედეგად, გამოსახულებაზე ევროპა და გრენლანდია ბევრად პატარაა, ვიდრე მერკატორის პროექციის მიხედვით ჩანდა. მეორე მხრივ, ბრაზილია და აფრიკა დიდი ჩანს — ზუსტად ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

პრობლემა ისაა, რომ ამ ვიზუალური სიზუსტის მიუხედავად, ახალი რუკის დახმარებით საზღვაო ნავიგაცია უკვე შეუძლებელია. ეს იმიტომ, რომ რეალისტურ პროპორციებს სწორი ხაზები "შეეწირა", შესაბამისად, მისი მეშვეობით დისტანციების გაზომვა ვერ მოხერხდება.

კარტოგრაფების თქმით, ბრტყელ ზედაპირზე სფეროს უნაკლოდ ასახვა წარმოუდგენელია. რუკამ ან ფართობი უნდა წარმოაჩინოს, ან ფორმა, ან მანძილი — სამივე პარამეტრის ერთდროულად დაკმაყოფილება გამორიცხულია.

დედამიწის ახალი რუკა.

ფოტო: Equal Earth

წლების განმავლობაში კარტოგრაფიული "დისბალანსის" გამოსასწორებლად მეცნიერებმა არაერთი მეთოდი შეიმუშავეს. 1970-იან წლებში გერმანელმა ისტორიკოსმა, არნო პეტერსმა, მსოფლიოს ახალი რუკა შექმნა. ის 1855 წელს შოტლანდიელი კარტოგრაფის, ჯეიმს გალის, მიერ აღწერილ პროექციას ეფუძნება.

მერკატორისგან განსხვავებით, ეს მოდელი აფრიკისა და გრენლანდიის ზომებს შორის არსებულ უზუსტობას ასწორებს. ამის მიუხედავად, მასშტაბის შესანარჩუნებლად პეტერსის რუკაზე პოლუსები "შეკუმშულია", ეკვატორი კი — "გაწელილი".

ეს კონტინენტებისა და ქვეყნების ფორმას ამახინჯებს, მაგალითად, ამ რუკაზე რუსეთი ბევრად პატარა ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის. სანავიგაციოდ ის სრულიად გამოუსადეგარია, რადგან სწორი ხაზები კომპასის მიმართულებებს არ ემთხვევა.

პეტერსის რუკა.

ფოტო: Wikipedia

ზომის გარდა, ჩვენს აღქმაზე ზემოქმედებს ისიც, თუ სად მდებარეობს ქვეყანა რუკაზე. მაგალითად, ზოგიერთმა კარტოგრაფმა რუკა უბრალოდ ამოატრიალა და სამხრეთი ზემოთ მოაქცია. ამ გზით სურდათ, აღარ დაკნინებულიყო იმ ქვეყნების მნიშვნელობა, რომლებიც ადრე რუკის ქვედა ნაწილში იყო გამოსახული.

იმის მიხედვით, თუ მსოფლიოს რომელ ნაწილში იმყოფებით, რუკის ცენტრში სხვადასხვა კონტინენტიც შეიძლება იყოს მოქცეული. ასეთი მიდგომა "დომინანტობის" პრობლემას მაინც ვერ აგვარებს. ის, უბრალოდ, ფოკუსს ცვლის და განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობს.

რუკა, რომელზე ამერიკა ცენტრალურ ადგილს იკავებს.

ფოტო: Getty Images

პრობლემის გადასაჭრელად სპეციალისტები ისეთ მოდელებსაც იყენებენ, რომლებშიც ცენტრში არცერთი ტერიტორია არ ექცევა. ამის საუკეთესო მაგალითი თავად გაეროს ლოგოა, რომლის ცენტრიც ჩრდილოეთ პოლუსია და კონტინენტები მის გარშემო, წრიულადაა თავმოყრილი. რაც უფრო შორსაა ტერიტორია ცენტრიდან, მით უფრო დიდია წრე და გამოსახულებაც მახინჯდება.

მაშასადამე, იდეალური რუკის შედგენა, რომელიც ნავიგაციისთვისაც გამოგვადგება და დედამიწის სიმრუდესაც გაიმეორებს, საკმაოდ პრობლემურია. გაეროს მიერ მხარდაჭერილ რუკას თავისი, მიზნობრივი უპირატესობა აქვს. ორგანიზაციას სურს, რომ ახალი მოდელი ციფრულ პლატფორმებშიც აისახოს, მაგალითად, Google Maps-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.