NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
ფოტო: Blue Origin
ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin მარსის ახალ ორბიტალურ აპარატს შექმნის. NASA-ს ოფიციალური განცხადებით, სააგენტომ წითელი პლანეტის სატელეკომუნიკაციო ქსელის (MTN) პროვაიდერად სწორედ ის აარჩია და მასთან 700 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, Blue Origin ვალდებულია, კოსმოსური აპარატი სააგენტოს 2028 წლის 31 დეკემბრამდე გადასცეს. მარსის ორბიტაზე სისტემა სრული დატვირთვით 2030 წლისთვის ამოქმედდება.
MTN ახალი თაობის საკომუნიკაციო სისტემაა, რომელიც მარსის მიმდინარე და სამომავლო მისიებს საიმედო, მაღალი გამტარობის მქონე კავშირითა და სანავიგაციო სერვისებით უზრუნველყოფს. წინა აპარატებისგან განსხვავებით, ის სამეცნიერო მონაცემებს არ შეაგროვებს და მხოლოდ ინფორმაციის გადაცემაზე ფოკუსირდება. პროექტი საძირკველს ამზადებს იმ პილოტირებული მისიებისთვის, რომლებსაც NASA მარსზე 2030-იანი წლების ბოლოს ან 2040-იანი წლების დასაწყისში გეგმავს.
მსგავსი სპეციალიზებული აპარატის საჭიროება განსაკუთრებით მწვავედ მას შემდეგ დადგა, რაც NASA-ს მოქმედი ორბიტალური "ფლოტი" მოძველდა. ამჟამად დედამიწასა და მარსმავალებს (Curiosity და Perseverance) შორის კავშირს მხოლოდ ორი ამერიკული აპარატი — 2001 წელს გაშვებული Mars Odyssey და 2005 წელს გაშვებული Mars Reconnaissance Orbiter — უზრუნველყოფს. პროცესში ევროპული კოსმოსური სააგენტოს ზონდებიც მონაწილეობს (Mars Express და Trace Gas Orbiter). ისინი სამეცნიერო კვლევებსაც ატარებს, MTN კი რესურსს მხოლოდ კომუნიკაციაზე დახარჯავს.
ახალი ზონდი Blue Origin-ის ინოვაციურ კოსმოსურ პლატფორმა Blue Ring-ს დაეფუძნება. მწარმოებლის განმარტებით, ეს არის მზის ელექტრო და ქიმიური ძრავებით აღჭურვილი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც უპრეცედენტო მანევრულობით გამოირჩევა. ვინაიდან კონტრაქტი აპარატის დიზაინს, განვითარებას, ინტეგრაციასა და გაშვებას აერთიანებს, მარსისკენ MTN-ს სწორედ Blue Origin-ის მძლავრი რაკეტით, New Glenn-ით, გაგზავნიან.
აშშ-ის კონგრესმა მარსის სატელეკომუნიკაციო ორბიტალური აპარატისთვის 700-მილიონიანი ბიუჯეტი 2025 წლის ივლისში დაამტკიცა. NASA-მ ტექნიკური მოთხოვნები მიმდინარე წლის თებერვალში შეიმუშავა და ოფიციალური ტენდერი მაისში გამოაცხადა. ტენდერის მოსაგებად ერთმანეთს Blue Origin და Rocket Lab უწევდნენ კონკურენციას, თუმცა საბოლოო გამარჯვება ჯეფ ბეზოსის კომპანიამ მოიპოვა.
კომენტარები