ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
ფოტო: Shutterstock
თქვენს iPhone-ში იმაზე მეტი უსარგებლო ფაილი იმალება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სმარტფონში მეხსიერების ამოწურვისას უმეტესობა ნაცნობ ხერხს მიმართავს: იშვიათად გამოყენებულ აპლიკაციებს შლის, არასაჭირო ფოტოებსა და ვიდეოებს გადაარჩევს. ეს მეთოდი მართლაც ეფექტიანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცირე მეხსიერების მქონე მოდელი გაქვთ. მეორე მხრივ, რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, როდესაც მთავარი ფაილები უკვე წაშალეთ, მაგრამ ტელეფონში ადგილი მაინც არ გათავისუფლდა?
სმარტფონში მრავალი ისეთი ფარული სივრცეა, სადაც უსარგებლო მონაცემები შეუმჩნევლად გროვდება. თითოეული მათგანი შეიძლება ცალკე დიდ ადგილს არ იკავებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი მეხსიერება მიაქვს. მათი წაშლით პირადი მონაცემები არ დაგიზიანდებათ — სამაგიეროდ, მეხსიერებაში დამატებით სივრცეს გამოათავისუფლებთ.
დასაწყისისთვის, გახსენით: Settings > General > iPhone Storage. აქ დეტალურად გამოჩნდება, თუ რა ტიპის ფაილები იკავებს ადგილს და რომელი აპლიკაციებია ამ მხრივ ყველაზე "ხარჯიანი". პირველ რიგში, გირჩევთ, ისეთ პროგრამებს გადაავლოთ თვალი, რომლებიც აღარ გჭირდებათ — მაგალითად, მაუწყებლობის პლატფორმებს, რომელთა გამოწერაც უკვე გააუქმეთ. ამის შემდეგ უფრო სპეციფიკურ დეტალებზე გადავიდეთ:
1. გაასუფთავეთ შეტყობინებების დანართები
შესაძლოა, ფოტოები და ვიდეოები გალერეიდან უკვე წაშალეთ, თუმცა მათი ასლები იმ აპლიკაციებში რჩება, საიდანაც ეს ფაილები მიიღეთ. Messages, WhatsApp, Viber თუ მიმოწერის სხვა აპლიკაციები მედიაფაილებს საკუთარ მეხსიერებაში ინახავს.
iPhone Storage-ის განყოფილებაში როდესაც ნახავთ, რომ Messages აპლიკაციას დიდი ადგილი მიაქვს, დააჭირეთ მას და Documents გრაფაში გადაამოწმეთ ფოტოები, ვიდეოები და სხვა ტიპის ფაილები.
მიმოწერის სხვა აპლიკაციების შემთხვევაში ფაილების წასაშლელად უშუალოდ აპლიკაციაში შესვლა მოგიწევთ. მაგალითად, WhatsApp-ში გადადით: You > Storage and data > Manage storage. აქ მარტივად შეძლებთ იმ დიდი ფაილების პოვნას, რომლებიც დიდ ადგილს იკავებს მობილურში. მიმოწერებში დაგროვილი მასალის გასუფთავებასაც შეძლებთ.
მნიშვნელოვანია, აუცილებელი ფაილების წაშლამდე დარწმუნდეთ, რომ ისინი ღრუბლოვან მეხსიერებაში (Apple Photos, iCloud, Google Photos) ან კომპიუტერში გაქვთ შენახული, რათა სამუდამოდ არ დაკარგოთ. სამომავლოდ, თუკი ადგილის დაზოგვა გენდომებათ, WhatsApp-სა და Viber-ში ფაილების ავტომატური ჩამოტვირთვის ფუნქცია გათიშეთ.
2. ბოლომდე წაშალეთ ახლახან წაშლილების საქაღალდეში გადატანილი ფაილები
ფოტო: Shutterstock
iPhone-ის აპლიკაციების უმეტესობაში ფაილის წაშლისას ის პირდაპირ არ ქრება, არამედ ახლახან წაშლილების (Recently Deleted) ველში გადადის. ეს ფუნქცია კარგად მუშაობს, რომ შემთხვევით წაშლილი მონაცემები აღვადგინოთ, თუმცა სანაგვე ურნაში მოთავსებული ფაილები მეხსიერებას მაინც იკავებს.
ფოტოების აპლიკაციაში Collections ღილაკზე დაჭერით, რომელიც ეკრანზე ქვემოთაა გამოსახული, ახალ ფანჯარაზე გადახვალთ. Utilities სექციამდე ჩამოსვლის შემდეგ Recently Deleted საქაღალდეს აირჩევთ. აქედან საბოლოოდ წაშლით ფოტოებსა და ვიდეოებს.
სხვა ჩაშენებულ აპლიკაციებსაც მსგავსი მენიუ აქვს. მაგალითად, აპლიკაციაში Files, დააჭირეთ ისარს ზედა მარცხენა კუთხეში სანამ Browse განყოფილებას არ დაინახავთ, სადაც შეგიძლიათ გადახედოთ Recently deleted (ახლახან წაშლილი ფაილების) სექციას. ასევე აქვე გადაამოწმეთ On My iPhone სექციაც — შეიძლება იქ იყოს დიდი ზომის PDF დოკუმენტები, ვიდეოები და თამაშების ფაილები შემორჩენილი.
3. შეამოწმეთ აპლიკაციების შიდა ჩამოტვირთვები
ფოტო: Shutterstock
სმარტფონში ადგილს ხშირად ის მედიაფაილები იკავებს, რომელსაც აპლიკაციები ხაზგარეშე რეჟიმში გამოსაყენებლად ტვირთავს: სიმღერები Spotify-ში, პოდკასტები, ოფლაინ რუკები Google Maps-ში ან ვიდეოები YouTube-ის პრემიუმზე.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად:
- გახსენით შესაბამისი აპლიკაცია და ძველი ჩამოტვირთვები წაშალეთ;
- შეზღუდეთ მომავალი ჩამოტვირთვების ზომა და რაოდენობა.
მაგალითად, Spotify-ში: პროფილის ფოტო > Settings and Privacy > Media quality. ამ გზით შეგიძლიათ ჩამოტვირთვის ხარისხი შეამციროთ.
პოდკასტების შემთხვევაში გადადით Settings > Apps > Podcasts და Automatically Download ფუნქციით შეზღუდეთ სერიების რაოდენობა. ასევე, ჩართეთ Remove Played Downloads, რათა მოსმენილი ეპიზოდები ავტომატურად წაიშალოს.
რამდენიმე დამატებითი რჩევა მეხსიერების დაზოგვისთვის
პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ფოტოების ოპტიმიზაციაა. პარამეტრებიდან (Settings > Apps > Photos) ჩართეთ Optimize iPhone Storage, რის შემდეგაც ტელეფონში ფოტოების შედარებით დაბალი რეზოლუციის ვერსიები დარჩება, სრული ხარისხის ორიგინალები კი iCloud-ში ავტომატურად შეინახება.
ასევე ეფექტიანია აპლიკაციების ქეშის (Cache) პერიოდული გაწმენდა. ამით მეხსიერებაში ადგილს დროებით გაათავისუფლებთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციები ამ ფაილებს დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ისევ დააგროვებს.
გარდა ამისა, თუ Apple Intelligence ერთხელ მაინც გამოცადეთ და მერე გათიშეთ, მან შესაძლოა მობილურში 7 გიგაბაიტამდე ფაილები მაინც დაიტოვოს (ამის შესამოწმებლად მიჰყევით ინსტრუქციას: Settings > General > iPhone Storage > iOS). ამ სივრცეს სმარტფონი თავად გამოათავისუფლებს, როცა მეხსიერება შეივსება. ალტერნატიული და საკმაოდ მარტივი ხერხია ტელეფონის რეგიონის დროებით გადაყვანა ისეთ ქვეყანაზე, სადაც Apple Intelligence საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.
კომენტარები