ნეპალ-ტიბეტის საზღვრის მიმდებარე რეგიონს დამანგრეველი სტიქიური მოვლენა დაატყდა თავს. წყლის, ყინულის, ტალახისა და ქვების ტალღა ბოტეკოშის მდინარის ხეობაში 170-ზე მეტ კილომეტრზე გავრცელდა.

სწრაფად მოძრავმა მასამ გზად შენობები და ხიდები გაანადგურა. სამწუხაროდ, ამ არეალში ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურისტებიც იმყოფებოდნენ, რომელთაგანაც 300-ზე მეტი უკვე დაღუპულად გამოცხადდა, ბევრი კი დაკარგულად მიიჩნევა.

შემთხვევის ამსახველი კადრები ინტერნეტშიც გავრცელდა. ვიდეოებში ჩანს, როგორ ფარავს ხეობის ტერიტორიას ღვარცოფი, რომელმაც მიდამო წალეკა. კამერების მიერ აღბეჭდილია ადამიანებიც, რომლებიც გაქცევას ცდილობენ, თუმცა — უშედეგოდ.

DEVASTATING FLOOD Security camera footage shows the moment the flood crashes through the Nepal-China border. The flash flood wipes out everything in its path. People, houses, roads, and power projects were swept away in Nepal, while officials in Tibet said they feared “major casualties.”

[image or embed]

— Christopher Webb (@cwebbonline.com) August 26, 2026 at 5:42 PM

რამ გამოიწვია ნეპალ-ტიბეტის კატასტროფა?

ღვარცოფის მოვარდნა იმდენად მოულოდნელი და ხმაურიანი იყო, რომ თავდაპირველად ეს მიწისძვრა ეგონათ. ამის მიუხედავად, საქმე სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს. ადრეული ანალიზის თანახმად, მიზეზი მყინვარის ჩამოშლა გახდა.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კლიმატის ცვლილება ყინულის დნობას იწვევს. The Conversation-ისთვის მომზადებულ სტატიაში ქართველი გლაციოლოგი, ლევან ტიელიძე, წერს, რომ ამისგან ისეთი მაღალი რეგიონებიც არაა დაზღვეული, როგორიც ჰიმალაის მთათა სისტემაა. პირიქით — მისი შემადგენელი ბევრი მთის დამრეც ფერდობებზე მზრალი ქანებია, ანუ საუკუნეების განმავლობაში გაყინული ქვა და მიწა.

გლობალურად ტემპერატურის მატების გამო ეს არეალებიც ლღვება და არასტაბილური ხდება. შესაბამისად, თუკი იქ მიწისძვრა მოხდება ან ციცაბო ფერდობის ნაწილი ჩამოიშლება, ამან შეიძლება დამანგრეველი შედეგი გამოიწვიოს და სიტუაცია უკონტროლო გახდეს. ეს განსაკუთრებით საშიშია ჰიმალაის მიმდებარედ, რადგან მას თოვლისა და ყინულის დიდი მარაგის გამო "მესამე პოლუსადაც" მოიხსენიებენ.

ცენტრალური ნეპალი, ნუვაკოტის რაიონი.

ფოტო: Subaas Shrestha/Getty Images

ვარაუდობენ, რომ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე დაახლოებით ასეთი შემთხვევა მოხდა. ყინულის შემცველი მასების კოლაფსმა ღვარცოფული მასა წარმოქმნა, გზად კი მას მიწა, ხეები და ქვები შეერია. ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ სეისმოგრაფებმა 4.4 მაგნიტუდის ტოლი სეისმური ბიძგი დააფიქსირა. გირონგის პორტამდე მიღწევისას ეს ტალღა უკვე ტალახის ცუნამის ჰგავდა. ადრეული დაკვირვებების თანახმად, მისი სიმაღლე შეიძლება 30 მეტრი ყოფილიყო.

მოვლენას ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა:

"დღეს ნეპალ-ტიბეტის საზღვრის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული სტიქიური მოვლენა, წინასწარი შეფასებით, გლაციალური ღვარცოფის ტიპის უეცარი წყალმოვარდნა იყო. თითქმის დადასტურებულია, რომ იგი მყინვარის ჩამონგრევამ ან კლდოვან-ყინულოვანი მასის ზვავმა გამოიწვია, რასაც, სავარაუდოდ, წინ უძღოდა მიწისძვრის მიერ გამოწვეული ბიძგი. ამას ემატებოდა ბოლო დღეებში ნეპალსა და სამხრეთ ტიბეტში მოსული უხვი ნალექიც...

მყინვარული სტიქიური პროცესები, შესაძლოა, მიწისძვრების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენაა. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარებთან დაკავშირებული საფრთხეები კიდევ უფრო აქტიური ხდება", — დაწერა მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კლიმატის ცვლილება და მყინვარების დნობა

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია თავად მყინვარის ჩამოშლა. ამის მიუხედავ, ფაქტია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყინულის საფარი სულ უფრო მეტად მცირდება, რასაც ზოგიერთ რეგიონში წყალდიდობები და სხვა მსგავსი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს.

ლევან ტიელიძის სტატიის მიხედვით, მაგალითად, შარშან ნეპალის იმავე რეგიონში შედარებით მცირე წყალდიდობამ 9 ადამიანი იმსხვერპლა. ასევე, 2024 წელს შვეიცარიაში მყინვარის დნობამ ნაშალი მასების ნაკადი წარმოქმნა, რომელმაც მთელი სოფელი გაანადგურა. გლაციოლოგი საქართველოში მომხდარ კატასტროფასაც იხსენებს: 2023 წლის შოვის ტრაგედიას. მაშინ იქაც გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც კურორტზე მყოფი ათობით ადამიანი შეეწირა.

რაც შეეხება ჰიმალაის, მასზე კლიმატის ცვლილება სხვაგვარად ზემოქმედებს, ვიდრე შედარებით დაბალ სიმაღლეზე განლაგებულ ან უფრო თბილ რეგიონებზე. სხვა პრობლემაა მზრალი ქანები და ციცაბო ფერდობები, რადგან დნობის პროცესი მათ ჩამოშლის დიდი რისკის წინაშე აყენებს. ჩნდება ქვათაცვენის, მეწყრებისა და სხვა პროცესებთან დაკავშირებული საფრთხეებიც.

ადრეული გაფრთხილების სისტემები

ტიელიძე წერს, რომ ამ მხრივ ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა მნიშვნელოვანია. მაგალითად, შვეიცარიაში მომხდარ კატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რაც სწორედ მოსახლეობის დროული ევაკუაციის დამსახურებაა. კლიმატის ცვლილების პარალელურად ასეთი სისტემები რაც შეიძლება მეტ სარისკო რეგიონში უნდა განთავსდეს.

"ასეთ პირობებში პრევენცია და რისკების სწორად მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: აუცილებელია ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება, მაღალმთიან რეგიონებში სწორი და უსაფრთხო განაშენიანება, მათ შორის ჰიდროელექტრო და სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობების შესაფერის უბნებში განთავსება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სტიქიური პროცესების მუდმივი მონიტორინგი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერებაც, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს: გეომორფოლოგიის, ფიზიკური გეოგრაფიის, გეოლოგიის, გლაციოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოფიზიკის, კლიმატოლოგიისა და სხვა მიმართულებების გაძლიერებული სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში", — წერს ტიელიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი საქართველოსთვისაც პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან აქ 800-ზე მეტი მყინვარია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ეფექტიანი სისტემების დაყენება და შენარჩუნება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რაც დაბალი შემოსავლის მქონე და განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოწვევაა. სტატიის მიხედვით, კარგი ამბავი ისაა, რომ მწვანე კლიმატის ფონდმა გასულ წელს ნეპალში უკეთესი მონიტორინგის სისტემების შექმნის დასაფინანსებლად თანხა გამოყო.

ქართველი მეცნიერის თქმით, სათბურის აირების ემისიების სწრაფად შემცირება, ადრეული გაფრთხილების სისტემებში ინვესტირება და მოწყვლადი მთიანი რეგიონების უკეთესი მონიტორინგი მნიშვნელოვანია. მართალია, ეს ყველა კატასტროფას ვერ შეაჩერებს, თუმცა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისა და ცვალებად კლიმატთან ადაპტაციის უკეთეს შესაძლებლობას მოგვცემს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.