საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
ფოტო: Getty
ახალი კვლევის თანახმად, პირველი და ბოლო კვების დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული.
ამის დასადგენად მეცნიერებმა 40 წელს გადაცილებული 31044 ამერიკელი ზრდასრულის მონაცემი გააანალიზეს, რომლებიც 1999-2018 წლებში იყო შეგროვებული. ცდისპირები მკვლევრებს დეტალურ ანგარიშს აბარებდნენ იმაზე, თუ როდის და რა საკვები ან სასმელი მიიღეს ბოლო 24 საათის განმავლობაში.
ნაშრომის ავტორებმა დაუშვეს, რომ დილის 4 საათის შემდეგ მიღებული კალორიების შემცველი ნებისმიერი საჭმელი თუ სასმელი "პირველ კვებად" დაეფიქსირებინათ. "ბოლო კვებად" დღის ბოლოს მიღებული საკვები განსაზღვრეს, ხოლო ამ ორს შორის არსებული დრო კვების შუალედი იყო.
ამის შემდეგ გუნდმა შეგროვებული მონაცემები ამ ცდისპირების სიკვდილთან დააკავშირა. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ 8,6 წლის შემდეგ 7129 ცდისპირი გარდაიცვალა. მათგან 2259 გულსისხლძარღვთა დაავადებებმა იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ანალიზისას მეცნიერებმა სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინეს, მაგალითად, ასაკი, მწეველობა, ფიზიკური აქტივობა, კვების რაციონის ხარისხი, სხეულის მასის ინდექსი, შემოსავალი და არსებული დაავადებები.
აღმოჩნდა, რომ პირველი კვების გვიან გადაწევა გარკვეულ კანონზომიერებას წარმოქმნის. დილის 7-8 საათს შორის საუზმობასთან შედარებით, პირველი კვების 8-10 საათზე მიღება ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის 10%-ით მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. 10-12 საათის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 19%-ამდე ავიდა, 12 საათის შემდეგ კი — 29%-ამდე.
ეს კანონზომიერება გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის შემთხვევაში განსაკუთრებულად გამოიკვეთა. 7-8 საათს შორის საუზმობასთან შედარებით, პირველი კვების დღის 12 საათის შემდეგ მიღება ამ დაავადებებით სიკვდილის რისკს 46%-ით ზრდის.
ყურადსაღებია, რომ გარკვეული მნიშვნელობა დღის ბოლო კვებასაც ჰქონია. ნაცვლად იმისა, რომ თითო საათით დაგვიანებასთან ერთად რისკი მომატებულიყო, ამ ორ ცვლადს შორის კავშირი "U-ს ფორმის" აღმოჩნდა.
საღამოს 7-8 საათს შორის ვახშამთან შედარებით, ბოლო კვების 7 საათზე უფრო ადრე მიღება ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკს 13%-ით ზრდის. ხოლო შუაღამის შემდეგ ჭამა — 27%-ით. ყველაზე დაბალი რისკი დაახლოებით საღამოს 8 საათზე კვებასთან აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ 7-8 საათზე ვახშმობა ყველა ადამიანისთვისაა ოპტიმალური.
ისიც აღსანიშნავია, რომ კვლევა ამ მიგნების მიზეზ-შედეგობრიობას ვერ ადგენს. ზედმეტად ადრე მჭამელები ზოგჯერ ნაკლებად ხშირად იკვებებიან და მეტი დაავადება აქვთ. შესაბამისად, კვლევის შედეგები ამითაც შეიძლება აიხსნას. ასევე, ღამით ჭამა შეიძლება არასახარბიელო ჯანმრთელობის, ძილის ნაკლებობის, ღამის ცვლაში მუშაობის ან სოციოეკონომიკური პრობლემების ბრალიც იყოს.
საინტერესოა, რომ კვების შუალედის ხანგრძლივობასა და სიკვდილიანობას შორის აშკარა კორელაცია არ გამოვლენილა.
საბოლოო ჯამში ნაშრომის ავტორები აცხადებენ, რომ მხოლოდ მათ მიგნებებზე დაყრდნობით ადამიანებმა კვების არსებული რეჟიმი მნიშვნელოვნად არ უნდა შეცვალონ.
კვლევა გამოცემაში European Journal of Clinical Nutrition გამოქვეყნდა.
კომენტარები