სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს, რომელთაც µBites უწოდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ საკვებმა გადამუშავების რთული პროცესი გაიარა, რათა შეძლებისდაგვარად უსაფრთხო, ნუტრიციულად მდიდარი და გემრიელი ყოფილიყო. პროდუქტი NASA-ს პროექტის ფარგლებში შექმნეს და ამერიკული ქიმიური საზოგადოების სიმპოზიუმზე ახლახან წარადგინეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ორცხობილების მისაღებად ბიოდეგრადირებადი, საკვებთან თავსებადი, პლასტმასა გამოიყენეს. მათი თქმით, µBites-ის შესაქმნელი სისტემა პორტატიულია და სხვადასხვა პირობებში შეიძლება მოიხმარონ, როგორიცაა წყალქვეშა ხომალდები, ბუნებრივი კატასტროფის ადგილები, უდაბნოები, არქტიკისა და ანტარქტიკის რეგიონები. იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება, პოტენციურად, მარსსა და მთვარეზეც შეგვიძლია.

პლასტმასა ჯერ კიდევ ფართოდ იწარმოება, მაგრამ ის დიდძალ ნარჩენებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, მკვლევრები ცდილობენ, რომ მისგან ესა თუ ის მასალა, საწვავი ან სხვა რამ დაამზადონ. ასეთი მატერიისგან საკვების მისაღებად, რა თქმა უნდა, ინტენსიური გადამუშავებაა საჭირო. სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში, პირველ რიგში, პლასტმასა ჟანგბადის, წყლის, მაღალი წნევისა და ტემპერატურის დახმარებით ნახშირბადულ კომპონენტებად დაშალეს.

მეთოდი პოლიეთილენტერეფტალატზე (PET) გამოცადეს და სამეურნეო ნარჩენებიც (ფოთლები, სიმინდის ღეროები) შეურიეს, რათა თხევადი მატერია მიეღოთ. შემდეგ ამით საფუარი სოკოები გამოკვებეს, რომლებმაც ნუტრიციული საკვები მიქსტურა წარმოქმნა — ერთგვარი ცომი. რა თქმა უნდა, მას კარგი გემო არ ექნებოდა, ამიტომ მეცნიერებმა საფუარების სხვა შტამები დამატებითი კომპონენტების შესაქმნელად გამოიყენეს: ცილების, ლიპიდებისა და ვიტამინების, ასევე არომატების, გემოებისა და ფერების განმაპირობებელი ნივთიერებების.

ფოტო: SIU Carbondale Communications

ეს ყველა ინგრედიენტი საკვების სამგანზომილებიან პრინტერში მოათავსეს და "ცომის" მასა ფენა-ფენა დაბეჭდეს. ფორმა წინასწარ იყო განსაზღვრული. საბოლოოდ, ორცხობილები მიკროტალღურ ღუმელში გამოაცხვეს. აღსანიშნავია, რომ ისინი არავის გაუსინჯავს, რადგან უსაფრთხოების შემოწმება ჯერ დასრულებული არაა. ამის მიუხედავად, პროდუქტის ანონიმურობის დაცვით (მიკერძოებულობის გამოსარიცხად) ჩატარებული სენსორული ტესტირებები მიუთითებს, რომ მას კარგი სუნი აქვს და შეხებისასაც სასიამოვნო ტექსტურა იგრძნობა.

ორცხობილები ლაბორატორიულადაც შეისწავლეს იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს, მძიმე მეტალებს, ალერგენებს ან საკვებში არსებულ პათოგენებს არ შეიცავდა. ამჟამად ორგანიზმში მათ გადამუშავებასა და სხვა დეტალებს სიმულაციურად იკვლევენ, რათა ადამიანთა ჩართულობით ტესტირებისთვის მოემზადონ.

სისტემის მუშაობას ახლა 1-2 დღე სჭირდება და მას ნარჩენებიდან ნახშირბადის 50%-ზე მეტის საკვებად გარდაქმნა შეუძლია. გუნდს ამ შედეგების გაუმჯობესება სურს. მკვლევრები ამბობენ, რომ სისტემის მიზანი ნულოვანი ნარჩენებია, თუმცა ნახშირბადის დაახლოებით 10% შეიძლება გადაუმუშავებელი დარჩეს ან აირის სახით გამოიყოს.

ნაშრომს ვრცლად გამოცემაში Trends in Biotechnology გაეცნობით.

ასევე, იხილეთ:

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.