ალბათ, ტრიქოტილომანია ადამიანების ერთ-ერთი უძველესი ჩვევაა. ეს საკუთარი სკალპიდან, წარბებიდან, წამწამებიდან და ა.შ. თმის გლეჯას გულისხმობს. ამაზე ჰიპოკრატე და არისტოტელეც კი წერდნენ.

დღესდღეობით ფსიქოლოგები ამას სხეულზე ფოკუსირებულ განმეორებით ქცევად აღრიცხავენ. სხვათა შორის, ტრიქოტილომანიას თმის ცვენის გამოწვევა შეუძლია. ასევე, უკიდურეს შემთხვევებში ამან შეიძლება ადამიანი სერიოზულ ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ პრობლემებამდეც მიიყვანოს.

აშშ-ში ტრიქოტილომანია მოსახლეობის 1-2%-ში აღინიშნება. იგი ორივე სქესში თანაბრადაა გავრცელებული. ხშირად მას ისეთ პრობლემებთანაც აერთიანებენ, როგორებიც შფოთვა, დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) და ყურადღებისა და ჰიპერაქტივობის დეფიციტის სინდრომია (ADHD).

ტრიქოტილომანიის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ემოციური რეგულაციაა. შესაძლოა, ეს ჩვევა ადამიანებს უსიამოვნო გრძნობებთან გამკლავებაში ეხმარება. მეორე მხრივ, ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ამას მაშინაც აკეთებენ, როცა არაფერი აწუხებთ. ასევე, ბევრი ადამიანი თმას გაუცნობიერებლადაც იგლეჯს.

ახალი ნაშრომის ავტორები ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მკვლევრები არიან, რომლებიც ტრიქოტილომანიის მქონე 61 ზრდასრულს 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

როგორც წესი, ასეთ კვლევებში ცდისპირებს ავალებენ, რომ დღიურში საღამოობით თავიანთი დღე შეაჯამონ. ახალი ნაშრომის ავტორებმა სხვა მიდგომა აირჩიეს. კვლევის მონაწილეებს თავიანთი გრძნობები და ქმედებები კონკრეტულ მომენტშივე უნდა ჩაენიშნათ და არა რამდენიმე საათის შემდეგ.

ცდისპირები დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე 7 დავალებას იღებდნენ. მათ თავიანთი ემოციური მდგომარეობა უნდა აღეწერათ. ასევე, თუ რამდენად ძლიერად გრძნობდნენ თმის გლეჯის მოთხოვნილებას და რამდენჯერ დაიკმაყოფილეს იგი წინა ჩანაწერის შემდეგ. ამასთან, ცდისპირებს ტრიქოტილომანიის ეპიზოდის ჩანიშვნა ნებისმიერ დროს შეეძლოთ, როცა ეს მოხდებოდა. საბოლოოდ 2557 "მომენტის აღწერა" და 702 თმის გლეჯის ეპიზოდი აღირიცხა.

აღმოჩნდა, რომ უფრო ძლიერი მოთხოვნილება ტრიქოტილომანიის ეპიზოდის ალბათობას ზრდიდა. ამასთან, თუ ცდისპირს ეს სურვილი ერთი აღწერის დროს ჰქონდა, მაღალი იყო ალბათობა, რომ მეორე აღწერის დროს თმას მართლაც მოიგლეჯდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ტრიქოტილომანიის თითოეული ეპიზოდი შემდეგის მოხდენის ალბათობას ზრდიდა.

საინტერესოა, რომ ადამიანის ემოციური მდგომარეობა თმის მოგლეჯის ეპიზოდს ნაკლებად მოასწავებდა. უარყოფითი გრძნობების (შფოთვა, ბრაზი, სევდა, დანაშაულის შეგრძნება, დაღლილობა, მოწყენილობა და ნერვიულობა) დროს ტრიქოტილომანიის მოთხოვნილება უფრო ძლიერად იგრძნობოდა. მეორე მხრივ, დადებით ემოციებს თან თმის ამოგლეჯის ნაკლები მოთხოვნილება ახლდა.

განსაკუთრებით ყურადსაღები მოწყენილობის შეგრძნება აღმოჩნდა. ამ დროს ადამიანებს თმის ამოგლეჯის მოთხოვნილებაც მაღალი ჰქონდათ და თავად ამგვარი ეპიზოდებიც. მეორე მხრივ, დაღლილობას თან ტრიქოტილომანიის ძლიერი სურვილი ახლდა, თუმცა რეალური ეპიზოდები ნაკლებად მოყვებოდა.

ეს მიგნება აქამდე დამკვიდრებულ შეხედულებას ეჭვქვეშ აყენებს. შესაძლოა, ტრიქოტილომანიასთან არამხოლოდ უარყოფითი ემოციები, არამედ ზოგადად სტიმულის ნაკლებობაც იყოს დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ ტრიქოტილომანიას შეიძლება ქვეტიპები ჰქონდეს. შესაბამისად, ახალი მიგნება შეიძლება ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად ვრცელდებოდეს. ამასთან, კვლევაში მონაწილეობა არცთუ ისე ბევრმა ადამიანმა მიიღო, რომელთა უმრავლესობაც ქალი იყო. ისიც ყურადსაღებია, რომ კვლევის ჩასატარებლად ცდისპირები ძალიან მოტივირებულნი უნდა ყოფილიყვნენ: მათ 10-დღიანი ინტენსიური მონიტორინგის პროტოკოლი უნდა შეესრულებინათ.

ნაშრომი გამოცემაში Comprehensive Psychiatry გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.