ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
ფოტო: NASA, ESA, Joseph Olmsted
ირმის ნახტომმა წარსულში რამდენიმე პატარა გალაქტიკა შთანთქა, ახლა კი მეცნიერებმა ასეთი უადრესი შემთხვევის მტკიცებულებას მიაგნეს. ესაა მის შუაგულში არსებული კვალი, რომელიც დაახლოებით 12 მილიარდი წლის წინ მიერთებულმა გალაქტიკამ დატოვა.
პროექტ ARMA-ის ფარგლებში ასტრონომებმა სფეროსებრი ვარსკვლავთგროვები შეისწავლეს, რომლებშიც ხნიერი მნათობებია. მიზანი ირმის ნახტომის მიერ სხვა გალაქტიკის "კანიბალისტურად" შთანთქმის დასტურის მოძიება იყო. ეს მოვლენა 1.8 მილიარდი წლით უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ის, რომელიც აქამდე უძველესად მიიჩნეოდა.
აქამდე ირმის ნახტომის ასეთი გალაქტიკური შერწყმის ისტორია მხოლოდ 10 მილიარდი წლის მასშტაბით იყო აღდგენილი. სწორედ ამდენი ხნის წინანდელი შემთხვევა მოიაზრებოდა უადრესად — როცა ირმის ნახტომმა ჯუჯა გალაქტიკა გაია-ენცელადი მიიერთა. ეს ნიშნავს, რომ ირმის ნახტომის ევოლუციის უფრო ადრინდელი ეტაპების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, არადა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო.
ასტრონომებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით იმდროინდელი მოვლენების გამოკვლევა სცადეს, რათა ჩვენი გალაქტიკის მთლიანი "კანიბალისტური" ისტორია აღედგინათ. მათ სფეროსებრი ვარსკვლავთგროვები ისე გამოიყენეს, როგორც დანაშაულის ადგილას დატოვებული სამხილები. ისინი ამ ფუნქციით განსაკუთრებით ირმის ნახტომის შუაგულის შესასწავლადაა გამოსადეგი, რადგან იქ სხვა ხელჩასაჭიდი ობიექტები არაა.
ავტორებმა სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რომლის დახმარებითაც ამ ვარსკვლავთგროვების ასაკის მაღალი სიზუსტით განსაზღვრაა შესაძლებელი. შედეგად დაადგინეს, რომ ჩვენი გალაქტიკის შუაგულში არსებული ეს სისტემები სამ კატეგორიად იყოფა. განმასხვავებელ ფაქტორებს შორის ასაკის გარდა, წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტების შემცველობაა (ე.წ. მეტალურობა).
ვარსკვლავთგროვების ერთ-ერთი ჯგუფი შეიძლება გაია-ენცელადის შთანთქმას პირდაპირ დავუკავშიროთ, მეორე თავად ირმის ნახტომს, მესამე კი — მანამდე უცნობ შერწყმას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, ეს "მსხვერპლი" გალაქტიკა მზეზე დაახლოებით 500 მილიონჯერ მასიური უნდა ყოფილიყო (გაია-ენცელადის მსგავსად). შედარებისთვის ირმის ნახტომის მასა ამჟამად მზისას 1.5 ტრილიონჯერ აღემატება.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ ჯუჯა გალაქტიკის მატერიის უდიდესმა ნაწილმა ირმის ნახტომის შუაგულში, 20 000 სინათლის წლის ფარგლებში, მოიყარა თავი. თავად მოვლენას დაბალენერგიული კრაკენ-ჰერაკლე (LKH) უწოდეს. ეს აკრონიმი იმ სამი კვლევის პატივსაცემად შეარჩიეს, რომლებშიც აღნიშნული შემთხვევის შესახებ პირველი ვარაუდებია გამოთქმული.
ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

კომენტარები