პრეისტორიულ ვიეტნამში მცხოვრები ბავშვების ჩონჩხის ნაშთებიდან მიღებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ტრეპონემული დაავადებები, შესაძლოა, დედიდან შვილზე ათასობით წლის წინ გადაცემულიყო. თანდაყოლილი გადაცემა ისტორიულად ვენერული სიფილისის ძლიერ მანიშნებლად ითვლებოდა, თუმცა ახალი მიგნებები აჩვენებს, რომ შეიძლება ტრეპონემული დაავადების სხვა ფორმებიც ამ გზით გავრცელებულიყო.

ავსტრალიისა და ვიეტნამის საერთაშორისო მკვლევრებისგან შემდგარმა გუნდმა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამის არქეოლოგიური ობიექტებიდან, დაახლოებით 4000-დან 3200 წლამდე დათარიღებული ჩონჩხის ნაშთები გააანალიზეს.

უძველესი ნაშთები და თანდაყოლილი ტრეპონემული დაავადება

კვლევამ, რომელიც International Journal of Osteoarchaeology-ში გამოქვეყნდა, სამი ბავშვი გამოავლინა, რომელთა კბილები და ძვლები თანდაყოლილი ტრეპონემატოზის აშკარა მტკიცებულებას აჩვენებდა. ტრეპონემატოზი დაავადებათა ჯგუფს აღნიშნავს, რომელიც სიფილისს, ფრამბეზიასა და ენდემურ სიფილისს მოიცავს.

პოპულაციაში აღმოჩენილი ინფექციის საერთო სურათი ვენერულ სიფილისზე არ მიუთითებს. ნაცვლად ამისა, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ბავშვები, სავარაუდოდ, არავენერული ტრეპონემული დაავადებით იყვნენ დაინფიცირებულები, როგორიცაა ფრამბეზია.

ფრამბეზია ტროპიკული დაავადებაა და მას შეუძლია სამუდამო შეზღუდული შესაძლებლობა გამოიწვიოს. მხოლოდ 2024 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ფრამბეზიის 150 000-ზე მეტი საეჭვო შემთხვევის შესახებ ეცნობა.

ეს განსხვავება დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ დაშვებას, რომელსაც უძველეს პოპულაციებში დაავადებების შემსწავლელი მკვლევრები იყენებენ, ეჭვქვეშ აყენებს.

"ათწლეულების განმავლობაში, არქეოლოგიურ ნაშთებში თანდაყოლილი ინფექცია ხშირად ვენერული სიფილისის ძლიერ მტკიცებულებად მიიჩნეოდა", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, დოქტორმა მელანდრი ვლოკმა — "ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ეს დაშვება შეიძლება ყოველთვის მართებული არ იყოს. დედიდან შვილზე სხვა ტრეპონემული დაავადებებიც შეიძლება გადაცემულიყო".

დაავადების ნიშნები აღმოჩენილია უძველეს ბავშვებში

მკვლევრებმა ვიეტნამის მასშტაბით 16 არქეოლოგიური ობიექტიდან 309 ინდივიდი შეისწავლეს. ეს ინდივიდები 10 000-დან 1000-მდე წლის წინანდელ პერიოდს განეკუთვნებიან.

10 000 წლის წინანდელი ჩონჩხის ნაშთები, რომელიც ვიეტნამში ნაპოვნი ადამიანის უძველესი ნამარხია, 2023 წლის მარტში აღმოაჩინეს.

ფოტო: ვიეტნამის არქეოლოგიის ინსტიტუტი

თანდაყოლილი ტრეპონემატოზის სადიაგნოსტიკო ნიშნები მხოლოდ სამ მცირეწლოვან ბავშვს აღენიშნებოდა. მათი ნაშთები შეიცავდა გამორჩეულ სტომატოლოგიურ ანომალიებსა და ჩონჩხის დაზიანებებს, რომლებიც ტრეპონემულ ინფექციასთანაა დაკავშრებული და, სულ მცირე, 3500 წლით თარიღდება.

ორი ბავშვი მან-ბაკში (Man Bac) ჩრდილოეთ ვიეტნამის არქეოლოგიურ ობიექტზე აღმოაჩინეს, სადაც წინა კვლევებმა ტრეპონემული დაავადების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებლები უკვე გამოავლინა.

მან-ბაკში ინფექციების ასაკობრივი განაწილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შემთხვევათა უმეტესობა ბავშვებსა და მოზარდებში დაფიქსირდა, რაც უფრო მეტად არავენერულ ტრეპონემულ დაავადებებს შეესაბამება, რომლებიც კანთან კონტაქტით ვრცელდება და არა სექსუალური აქტივობით.

"ობიექტის ეპიდემიოლოგია მკვეთრად მიუთითებს ტრეპონემული დაავადების არავენერულ ფორმაზე", — განაცხადა დოქტორმა ვლოკმა — "მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვხედავთ თანდაყოლილი გადაცემის მტკიცებულებას. ეს არის გასაკვირი ნაწილი."

რას ნიშნავს ეს აღმოჩენა სიფილისის ისტორიისთვის

ამ მიგნებებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სამედიცინო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ძველ საკითხზე: სიფილისის წარმოშობაზე.

უძველესი ადამიანის ნაშთების შემსწავლელი მეცნიერები თანდაყოლილი ინფექციის მტკიცებულებას ხშირად იყენებდნენ ერთი საკითხის განსახილველად: იყო თუ არა სიფილისი ამერიკის კონტინენტებს გარეთ გავრცელებული, ჯერ კიდევ ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობებამდე. მაგრამ ახალი კვლევის მიხედვით, მხოლოდ თანდაყოლილი ინფექცია საკმარისი არ არის იმის დასადგენად, ვენერული სიფილისია თუ მონათესავე ტრეპონემული ბაქტერიით გამოწვეული სხვა დაავადება.

"თუ თანდაყოლილი გადაცემა არავენერულ ტრეპონემატოზებში შეიძლება მოხდეს, მაშინ ჩვენ თავიდან უნდა გავიაზროთ, წარსულში არსებულ ჩონჩხის მტკიცებულებებს როგორ განვმარტავთ", — თქვა დოქტორმა ვლოკმა — "ზოგიერთი შემთხვევა, რომელიც ადრე თანდაყოლილ სიფილისად მიიჩნეოდა, შეიძლება სრულიად განსხვავებულ დაავადებებს წარმოადგენდეს".

ჯერჯერობით, ამერიკის კონტინენტების შიგნით ან გარეთ, კოლუმბამდელი ვენერული სიფილისის არცერთი დადასტურებული ბიოლოგიური ან გენეტიკური მტკიცებულება არ არის გამოვლენილი.

ამის ნაცვლად, ევროპისა და ამერიკის არქეოლოგიური ნაშთების გენეტიკურმა კვლევებმა უძველეს პოპულაციებში მრავალი ტრეპონემული დაავადების მტკიცებულება გამოავლინა. ეს ამ პათოგენების ევოლუციის ისტორიის სირთულეს უსვამს ხაზს.

უძველესი დნმ სერიოზულ გამოწვევებს ქმნის

ტროპიკულ რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, უძველესი დნმ ხშირად ძალიან ცუდად ინახება. ეს განსაკუთრებით ართულებს გენეტიკური მტკიცებულებების გამოყენებას იმის დასადგენად, უძველეს მოსახლეობაზე კონკრეტულად რომელმა დაავადებამ იმოქმედა.

მკვლევრებს ასევე უწევთ იმ სწრაფად ცვალებადი ეთიკური სტანდარტების გათვალისწინება, რომლებიც ადამიანის ნაშთებიდან ნიმუშის აღებას არეგულირებს. ეს პროცესი ხშირად ნაშთის დაზიანებას საჭიროებს.

"ტროპიკულ გარემოში უძველესი დნმ-ის მოპოვება წარმოუდგენლად რთულია, ხოლო ნაშთის დაზიანებით ნიმუშის აღება მნიშვნელოვან ეთიკურ კითხვებს აჩენს", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, ფილიპინების უნივერსიტეტის დოქტორანტმა, მინ ტრანმა — "სამომავლო კვლევები ახალი მიმართულებებით უნდა წავიდეს, რაც ამ ნაშთებთან დაკავშირებულ საზოგადოებებთან ნამდვილ პარტნიორობაში მუშაობას გულისხმობს და ნებისმიერი ბიომოლეკულური სამუშაოს დაწყებამდე, კონსერვაცია უნდა იყოს გათვალისწინებული".

ტრეპონემული დაავადებების ევოლუციის გადააზრება

მკვლევრების თქმით, აღმოჩენა ტრეპონემულ დაავადებებზე პასუხისმგებელი ბაქტერიის, Treponema pallidum-ის, გასაოცარ ადაპტაციის უნარს აჩვენებს.

ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება მხოლოდ სიფილისის წარმოშობის ადგილის დადგენაზე გამახვილდეს, გუნდი აცხადებს, რომ მომავალმა კვლევებმა უნდა შეისწავლოს, სხვადასხვა ტრეპონემული დაავადება ადამიანთა პოპულაციების, საზოგადოებებისა და ცვალებადი გარემოს პარალელურად, როგორ განვითარდა.

"ტრეპონემულ დაავადებებს იმაზე გაცილებით რთული ისტორია აქვს, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით", — განაცხადა დოქტორმა ვლოკმა — "ამ სირთულის გაგება არსებითია, თუ გვსურს აღვადგინოთ, ინფექციური დაავადებები ადამიანის ისტორიას როგორ აყალიბებდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლიმატის კრიზისის გამო, ფრამბეზიის მსგავსი ტრეპონემული დაავადება კვლავ იჩენს თავს".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.