Nvidia ოჰაიოში ახალი, მასშტაბური მონაცემთა ცენტრის კამპუსის მხარდასაჭერად, რომელსაც OpenAI იჯარით აიღებს, 105 მილიარდამდე დოლარის დახარჯვას დათანხმდა. ეს გარიგება AI ბუმის მამოძრავებელ ორ დომინანტურ ძალას შორის უახლეს პარტნიორობას წარმოადგენს.

ChatGPT-ის მწარმოებელმა ხელშეკრულება პაიკის ოლქის კომპლექსიდან დაახლოებით 8 გიგავატამდე გამოთვლითი სიმძლავრის მისაღებად გააფორმა. აქედან პირველი 800 მეგავატი, სავარაუდოდ, 2028 წელს ამოქმედდება. ერთი გიგავატი საკმარისია, რომ ნებისმიერ მომენტში, აშშ-ის 750 000-მდე ოჯახს ელექტროენერგია მიეწოდოს.

Nvidia, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, პროექტს საკუთარი ფინანსური რესურსებით ეხმარება: პროექტი მისივე ნახევარგამტარებითა და კომპიუტერებით აღიჭურვება. ეს გარიგება OpenAI-ის უკვე არსებულ, უზარმაზარ ვალდებულებას ემატება, Nvidia-ს აღჭურვილობა შეიძინოს, განაცხადა ჩიპების მწარმოებელმა ორშაბათს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში. მთლიანობაში, ამ შესყიდვებმა 2030 წლამდე Nvidia-ს დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის შემოსავალი შეიძლება მოუტანოს.

Nvidia აცხადებს, რომ მთლიანი ობიექტის დაფინანსების ან OpenAI-ის ყველა საიჯარო ვალდებულების გარანტიას არ იძლევა. მისი მხარდაჭერა ეტაპობრივად, 2028-დან 2030 წლამდე დაიწყება და 20 წელს გასტანს. 105 მილიარდი დოლარი Nvidia-ს ვალდებულებას წარმოადგენს, პროექტის საწყისი, 4,25 გიგავატიანი ნაწილი დააფინანსოს. მეორე, 3,75 გიგავატიანი ფაზის უზრუნველსაყოფად, კომპანიამ, შესაძლოა, დამატებითი ვალდებულებები აიღოს.

ინვესტორები, სავარაუდოდ, იმ მზარდი შიშების ფონზე, რომ AI აპარატურაზე მოთხოვნას ე.წ. წრიული გარიგებები განაპირობებს, ამ შეთანხმების სტრუქტურას ყურადღებით შეისწავლიან. ასეთი გარიგებების დროს, მიმწოდებელი ინვესტიციას კომპანიაში ახორციელებს, რომელიც შემდგომ ამ სახსრებს თავად მიმწოდებლის პროდუქციის შესაძენად იყენებს.

Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა თქვა, რომ OpenAI-სთან გარიგება წრიული დაფინანსება არ არის

ფოტო: კიოში ოტა/Bloomberg

Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა ბლოგპოსტში განაცხადა, რომ OpenAI-სთან შეთანხმება წრიულ დაფინანსებას არ მოიცავს.

"OpenAI თავად გადაიხდის იჯარის საფასურს", — დაწერა მან — "ჩვენ კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებს მაშინ უზრუნველვყოფთ, როდესაც ნათლად ვხედავთ მომხმარებლის მოთხოვნას და როცა ეს გრძელვადიანი საწარმოო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს".

OpenAI-მ განაცხადა, რომ გადახდას მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც სიმძლავრეები იჯარისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ამასთანავე, Nvidia 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას SB Energy Corp.-ში, SoftBank Group Corp.-ის მიერ მხარდაჭერილ დეველოპერულ კომპანიაში, დათანხმდა. ეს კომპანია ამ ობიექტს ააშენებს, ფლობს და ოპერირებას გაუწევს.

ორშაბათს, Nvidia-ს აქციების ფასი 1%-ზე ნაკლებით გაიზარდა და 225,47 დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს მათი ღირებულება დაახლოებით 21%-ით არის გაზრდილი.

ოჰაიოს მონაცემთა ცენტრის დაგეგმილი კომპლექსი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იქნება. ის იმ უზარმაზარი მოთხოვნის სიმბოლოა, რომელიც AI-ის განვითარებისთვის საჭირო გამოთვლით სიმძლავრეებზე არსებობს. ეს ასევე უმნიშვნელოვანესი პროექტია SoftBank-ის დამფუძნებლის, მასაიოში სონისა და ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელმაც ეს ინვესტიცია დიდ გამარჯვებად შეაფასა.

Bloomberg News-ის ცნობით, Nvidia ადრე OpenAI-სთვის მონაცემთა ცენტრის იჯარის უზრუნველსაყოფად 250 მილიარდ დოლარამდე გარანტიის მიცემას განიხილავდა.

Nvidia-მ ფინანსური უზრუნველყოფა სხვა კომპანიებსაც გაუწია, რომლებიც AI აპარატურის სწრაფად განვითარებას ცდილობენ, მათ შორის აღსანიშნავია CoreWeave Inc. მან ასევე პირდაპირი ინვესტიციები OpenAI-სა და მის მსგავს AI კომპანია Anthropic PBC-ში განახორციელა. სომხეთში, ქალაქ ჰრაზდანში, Nvidia-ს ჩიპებზე აშენებული 300 მეგავატიანი AI მონაცემთა ცენტრი ცოტა ხნის წინ Firebird-მა გახსნა, ეს რეგიონში ამჟამად ყველაზე მსხვილი AI მონაცემთა ცენტრია. თუმცა, ოჰაიოს გარიგება ჩიპების მწარმოებლისთვის ყველაზე მასშტაბურია.

Nvidia ასევე ილონ მასკის SpaceX-ის აქციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მფლობელია. კომპანიამ პარასკევს 21 მილიარდი დოლარის ღირებულების წილის ფლობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

მასკმა, რომელიც SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორია, ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მონაცემთა ცენტრის მასშტაბური გაფართოებისას გადაწყვიტა, ექსკლუზიურად Nvidia-ს პროდუქცია გამოეყენებინა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.