SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
ფოტო: Michael Cain/Spaceflight Now
SpaceX-მა შაბათს ღამით Globalstar-ისა და აშშ-ის კოსმოსური ძალებისთვის (USSF) მისიები მიყოლებით გაუშვა, რითაც გაშვებებს შორის დრო სარეკორდო 38,5 წუთამდე შეამცირა.
პირველი Falcon 9 ჰაერში კეიპ-კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან თბილისის დროით 05:12 საათზე ავიდა. ბორტზე Globalstar-ის რვა თანამგზავრი იყო, რომლებიც კომპანიის, დედამიწის დაბალ ორბიტაზე განლაგებული თანავარსკვლავედის შევსებას ემსახურება. რაკეტის ამაჩქარებელმა აფრენიდან რვა წუთში წარმატებით მოახერხა უკან დაბრუნება და დაშვება. ეს ფლორიდის Space Coast-იდან წელს განხორციელებული 52-ე ორბიტალური გაშვება იყო.
SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტის აფრენის გრძელი ექსპოზიციით გადაღებული კადრი, გაშვების მე-40 კომპლექსიდან, კეიპ-კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურზე, 15 აგვისტო.
ფოტო: Michael Cain/Spaceflight Now
სანამ პირველი რაკეტის ზედა საფეხური ორბიტისკენ მიისწრაფოდა, SpaceX უკვე მეორე Falcon 9-ის გასაშვებად ემზადებოდა: ამჯერად ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან, კალიფორნიაში. ეს რაკეტა აშშ-ის კოსმოსური ძალების საიდუმლო ტვირთს ატარებდა. ტვირთის შესახებ დეტალები კოსმოსურ ძალებს არ გაუმხელია, თუმცა უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისია ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური გაშვების ადრე გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში შესრულდა.
მეორე რაკეტა სივრცეში თბილისის დროით 05:50 საათზე აიჭრა, ხოლო მისმა ამაჩქარებელმა წყნარ ოკეანეში მდებარე დრონ-ხომალდზე უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. ეს SpaceX-ის ისტორიაში Falcon-ის ამაჩქარებლის რიგით 650-ე წარმატებული დაშვება გახლდათ.
Globalstar-ის მისიის შესახებ გაზაფხულზე გახდა ცნობილი, თუმცა თავდაპირველად დაგეგმილი 17 მაისის გაშვება კომპანიამ იმის გამო გადადო, რომ თანამგზავრების მოსამზადებლად დამატებითი დრო დასჭირდა. ფრენის შესახებ განცხადება Amazon-ის მიერ Globalstar-ის შესყიდვის განზრახვის გამოცხადებიდან თითქმის ერთ თვეში გაკეთდა. ეს გარიგება Amazon Leo-ს საშუალებას მისცემს, თავის თანავარსკვლავედს პირდაპირ მოწყობილობასთან დაკავშირების შესაძლებლობები დაამატოს და ამ სფეროში ისეთ კომპანიებს გაუწიოს კონკურენცია, როგორიცაა SpaceX და AST SpaceMobile.
"ეს გაშვება იმ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისა და გაძლიერების საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ყოველდღიურად ეყრდნობიან", — განაცხადა Globalstar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ი. ჯეიკობსმა — "სანამ ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიას ვახორციელებთ, არსებული თანავარსკვლავედის შევსება მსოფლიოს მასშტაბით მდგრადი თანამგზავრული სერვისების მიწოდების კრიტიკულ ნაწილად რჩება".
6 აგვისტოს გამოქვეყნებულ უახლეს ფინანსურ ანგარიშში Globalstar-მა განაცხადა, რომ ფინანსური შედეგების განხილვის კონფერენციებს აღარ ჩაატარებს და სამომავლო პროგნოზებს არ განაახლებს, სანამ Amazon-ის მიერ მისი შეძენის პროცესი მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ ეს გარიგება 2027 წელს დასრულდება.
კომენტარები