მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
ფოტო: Sean Thomas Photo / Shutterstock.com
საფრანგეთში უკვე ზედიზედ მეორე წელია, უცნაური რამ ხდება: მედუზები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გრავლინის ატომურ ელექტროსადგურს "უტევენ". შარშან, 11 აგვისტოს, ამ არსებების ჭარბმა რაოდენობამ ფილტრები დაახშო, რომელთა მეშვეობითაც გამაგრილებელ სისტემაში ზღვის წყალი შედიოდა. ახლა, ამ მოვლენიდან 1 წლის შემდეგ, მსგავსი რამ განმეორდა.
10 აგვისტოს გრავლინის ატომურ ელექტროსადგურს მედუზების მრავალრიცხოვანი ჯგუფი ისევ "თავს დაესხა". ამის გამო იძულებულნი გახდნენ, რომ სამუშაოების ნაწილი შეეჩერებინათ, რათა სისტემების მწყობრიდან გამოსვლა აერიდებინათ. წყლის ამ ბინადრების მოზღვავებამ ორი სხვადასხვა რეაქტორის ავტომატურად გათიშვა გამოიწვია, მესამეში კი უსაფრთხოების მიზნით ოპერაციები 50%-ით შეამცირეს.
სადგურის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ შემთხვევას დანადგარების ან პერსონალის დაზიანება არ მოჰყოლია. მათი თქმით, ელექტრომომარაგების სისტემასთან ზემოხსენებული რეაქტორების კავშირის აღდგენა მიმდინარეობს.
დამთხვევა არაა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ერთნაირი მოვლენები სწორედ აგვისტოს თვეში ხდება. ეს ყველაფერი ზაფხულის იმ განსაკუთრებულ სიცხესთანაა დაკავშირებული, რომელთან გამკლავებაც არამხოლოდ ევროპას, არამედ მთელს მსოფლიოს უწევს — კლიმატის ცვლილება უარესდება და შედეგსაც ვიმკით.
ზოგადად, მედუზების ასეთი მოზღვავება სეზონურ ციკლებთანაა ასოცირებული. ამის მიუხედავად, ადამიანთა მიერ ზედმეტი თევზჭერის, ჰაბიტატების დეგრადაციისაა და სხვა უარყოფითი გავლენების გამო ბუნებრივი პროცესი ანომალიური ხდება. ოკეანის გათბობა მედუზების ამა თუ იმ სახეობის პოპულაციის ზრდას განაპირობებს, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ რეპროდუქციულად ააქტიურებს.
ბირთვული ელექტროსადგურები ასეთი ჭარბი რაოდენობის მედუზების "შემოსევებისთვის" მზად არაა. ამასთან, პრობლემას მხოლოდ ეს არსებები არ ქმნიან, არამედ ფილტრებში სალპებიც გროვდებიან, რომელთაც ასევე გამჭვირვალე სხეული აქვთ.
მაგალითად, 2021 წელს მათ სამხრეთ კორეაში მდებარე ორი რეაქტორის გათიშვა გამოიწვიეს. ეს ელექტროსადგურებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ძვირად უჯდება. ამგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად გრავლინის რეაქტორების მიმდებარედ სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს, რათა სიტუაცია უკეთ აკონტროლონ. ასევე, ფრანგულ არაკომერციულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით აპირებენ, რომ მედუზების რაოდენობის კრიტიკულად ზრდისას იმ არეალში თევზჭერები გაააქტიურონ.

კომენტარები