სქესობრივი ურთიერთქმედებები არამხოლოდ ცოცხალ არსებებში, არამედ მცენარეებშიც გვხვდება და გამონაკლისი არც ავოკადოა. მის შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ეს ხეები მდედრობით და მამრობით რეპროდუქციული ორგანოებს მოიცავს, ამიტომ თვითდამტვერვის თავიდან აცილება უწევს.

ავოკადოს ხეები დროებით დიქოგამიას მიმართავს, ანუ ყვავილები სქესს ყოველდღიურად იცვლის, მაგრამ ამის ბაზისური გენეტიკური მექანიზმი ბოტანიკოსებისთვის თავსატეხი იყო. ახალი კვლევის ფარგლებში ეკოლოგებმა და სამეურნეო ინჟინრებმა საველე მონაცემები გენეტიკურ ანალიზთან შეაჯერეს და ავოკადოს სქესობრივი "ხრიკის" საიდუმლო სპეციფიკური გენური ვარიანტების გამოვლენის გზით ამოხსნეს.

ამ ხეების სქესი კონკრეტულ მომენტში იმის მიხედვით განისაზღვრება, მათი ყვავილები მტვერს იღებს თუ გამოყოფს. მაგალითად, "A ტიპის" ავოკადო დღისით მდედრობით ყვავილებს შლის, საღამოს კი — მამრობითს. "B ტიპის" მცენარეებში პირიქით ხდება, რითაც თვითდამტვერვა გამოირიცხება.

ავოკადოს ხის ყვავილები, რომელთაგანაც მხოლოდ ზოგია გაშლილი.

ფოტო: Jeffrey Groh/UC Davis

მეცნიერები ამბობენ, რომ ყვავილები უბრალოდ უძრავი დეკორაციები არაა, არამედ ევოლუციაგამოვლილი დინამიკური სტრუქტურებია. მათ ავოკადოს ასობით ხის გენომი გააანალიზეს და ყურადღება დღის სხვადასხვა პერიოდში გენების აქტიურობაზე გაამახვილეს. ასევე, დღისა და ღამის განმავლობაში ყვავილების გაშლა-დახურვას აკვირდებოდნენ.

შედეგად აღმოაჩინეს, რომ SDMYB-იდ წოდებული გენის აქტიურობა ციკლურად იცვლება და სხვადასხვა ტიპთან დაკავშირებულ მახასიათებლებს აკონტროლებს. მისი ორი ვარიანტი, ანუ ალელი, არსებობს და A ტიპში ორივე გვხვდება, B-ში კი — რეცესიული ვარიანტის ორი ასლი.

სპეციალისტების თქმით, ეს მექანიზმი 42 მილიონზე მეტი წლის წინ ჩამოყალიბდა. მისი ცოდნა ავოკადოს მოყვანაშიც დაგვეხმარება, რადგან აქამდე მათი ტიპის გასაგებად ყვავილობის პერიოდამდე უწევდათ ლოდინი. ახლა უკვე შესაძლებელია, რომ წინასწარი კატეგორიზაციის მეშვეობით მსხმოიარე ბაღის 10%-ში B ტიპის ხეები დარგონ და ამით ახლომდებარე A ტიპის ხეებს მეტი ნაყოფის მოსხმის საშუალება მისცენ.

ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.