რედინგის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფუტკრებს, ჩრჩილებსა და სხვა დამამტვერიანებელ მწერებს დაბინძურებულ ჰაერში ყვავილების სუნის აღქმა ურთულდებათ, ეს კი მცენარეების დამტვერვაზე, შესაბამისად კი საკვების მოყვანაზე დრამატულად აისახება.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა გაანალიზეს 22 ექსპერიმენტული კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ჰაერის დამაბინძურებლები — ოზონი და აზოტის ოქსიდები (NOx) — დამამტვერიანებლებზე. ორივე დამაბინძურებელი ართულებს დამამტვერიანებლების მიერ ყვავილების პოვნას, რადგან ეს ნივთიერებები ცვლიან ყვავილების მიერ გამოყოფილ სურნელს.

ჟურნალ Frontiers in Ecology and the Environment-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ოზონის მაღალი დონე დამამტვერიანებლების ეფექტიანობას საშუალოდ 42%-ით ამცირებს, ხოლო NOx ამავე მაჩვენებელს 46%-ით აქვეითებს. როდესაც ორივე დამაბინძურებელი ერთდროულად მოქმედებდა, საშუალო კლებამ 68% შეადგინა.

მხოლოდ რამდენიმე კვლევამ გამოსცადა ორივე დამაბინძურებელი ერთად და მათში ამ ორი ნივთიერების შერწყმის შედეგად გამოწვეული დამატებითი ზიანი უფრო მცირე აღმოჩნდა, ვიდრე საშუალო მაჩვენებლები მიუთითებს. ეს იმით აიხსნება, რომ ორი აირი ჰაერში ერთმანეთთან რეაქციაში შედის და ნაწილობრივ ანეიტრალებს ერთმანეთს.

დიზელის გამონაბოლქვი რისკს ახანგრძლივებს

დიზელის ძრავიანი ავტომობილები NOx-ით დაბინძურების უდიდეს ნაწილს წარმოქმნიან და ეს ქიმიური კვალი გზებზე 20 წელზე მეტხანს რჩება.

"პროგნოზების თანახმად, ოზონის დონე დაახლოებით 2050 წლამდე გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მიერ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის პარალელურად, NOx-ის ემისიები იკლებს. ეს დამამტვერიანებლებისთვის მომდევნო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში რთულ პერიოდს ქმნის. მას შემდეგ, რაც სუფთა საწვავი სრულად დაიმკვიდრებს ადგილს, ოზონის დონე უნდა შემცირდეს, რაც დამამტვერიანებლებს აღდგენის შანსს მისცემს. თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს აღდგენა, დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რომელსაც მთავრობები ახლა აკეთებენ. NOx-ის ემისიების, განსაკუთრებით დიზელის მანქანებიდან, უფრო სწრაფად შემცირება ამ რთულ პერიოდს შეამოკლებს და ამ აღდგენას დააჩქარებს", —განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა რედინგის უნივერსიტეტიდან, დოქტორმა ჯეიმს რაიალსმა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სპეციალიზებული დამამტვერიანებლები, რომლებიც მხოლოდ ერთი მცენარის სურნელზე არიან დამოკიდებულნი (მაგალითად, ზოგიერთი სახეობის ჩრჩილი), უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე არასპეციალიზებული დამამტვერიანებლები, როგორიცაა ბევრი სახეობის ფუტკარი. გარდა ამისა, დღისით აქტიური დამამტვერიანებლები, მაგალითად ფუტკრები და პეპლები, ოზონის უფრო მაღალ დონეს აწყდებიან, ხოლო ღამით აქტიური დამამტვერიანებლები (მათ შორის, ბევრი ჩრჩილი) — აზოტის ოქსიდების უფრო მაღალ მაჩვენებელს.

"ჩვენ მიერ მოყვანილი საკვების დიდი ნაწილი ჯანმრთელ დამამტვერიანებლებზეა დამოკიდებული, ამიტომ მათი დაბინძურებისგან დაცვა 2050 წლამდე ვერ მოიცდის", — ამბობს ჯეიმს რიალსი.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში განხილული მტკიცებულებების უმეტესობა ევროპის კონტინენტს მოიცავს, რის გამოც უფრო ძლიერად დაბინძურებულ რეგიონებში, მაგალითად აზიის ზოგიერთ ნაწილში, დამამტვერიანებლების წინაშე არსებული რისკების შესახებ ცოდნა მწირია.