კიბო ბევრ ჩვენგანს აშინებს. მისი რისკის გაზრდა ჩვენს საყვარელ სასმელს, საკვებს ან ზოგიერთ ჩვევას შეუძლია, ამ ინფორმაციის მიღება კი ბევრისთვის მარტივი არაა. შეიძლება პასუხიც მზად გვქონდეს: "ეგრე ყველაფერი მავნებელია", "ბაბუაჩემი მთელი ცხოვრება ეწეოდა და 90 წელი იცოცხლა", "ბარემ სუნთქვაც ამიკრძალონ", ან უბრალოდ — "საიდან იცი?"

ამ ბოლო კითხვას პასუხი ნამდვილად სჭირდება, ამიტომ ამ სტატიაში ხუთ გავრცელებულ ჩვევასა თუ პროდუქტზე მოგიყვებით, რომლებიც კიბოს განვითარების რისკს უკავშირდება. განვიხილავთ, რა მექანიზმებით შეიძლება მოქმედებდეს თითოეული მათგანი და რამდენად მყარია არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები.

გაფრთხილება: ჩამონათვალში შესული პროდუქტები და ჩვევები ერთნაირად სახიფათო არ არის. მათი ერთჯერადი მოხმარება არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად კიბო განუვითარდება. მნიშვნელობა აქვს რაოდენობას, სიხშირესა და ზემოქმედების ხანგრძლივობას; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) შეფასებებში განსხვავდება ჩამოთვლილ პროდუქტებთან დაკავშირებული რისკები თუ მტკიცებულებების სიძლიერეც.

1. სიგარეტი, სიგარეტი და სიგარეტი

თამბაქოს მოწევა კიბოს განვითარების დადასტურებული მიზეზია. WHO-ის მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება და მისი კვამლის ზემოქმედება მსოფლიოში ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს. მათ შორის 1.6 მილიონზე მეტი არამწეველია, რომელიც სხვისი თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას განიცდის. ეს მონაცემი თამბაქოსთან დაკავშირებული ყველა დაავადებით სიკვდილს მოიცავს და არა მხოლოდ კიბოს.

თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანი მხოლოდ ფილტვებით არ შემოიფარგლება: ეს ჩვევა 20-ზე მეტი ტიპისა თუ ქვეტიპის კიბოს წინაპირობად შეიძლება იქცეს.

უნდა აღინიშნოს, რომ სიგარეტის კვამლი ასობით ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგანაც ათეულობით კანცეროგენია, ანუ კიბოს წარმოქმნისთვის ხელშემწყობი ნაერთი. მათ შორისაა: კადმიუმის ნაერთები, დარიშხანი, რადიოაქტიური პოლონიუმი, ბენზოპირენი, თამბაქოსთვის სპეციფიკური ნიტროზამინები, ასევე ბენზოლი და ფორმალდეჰიდი.

ორგანიზმზე ამ ნივთიერებების ზემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი ასეთია: ზოგიერთი კანცეროგენი ორგანიზმის ფერმენტების მოქმედებით უფრო რეაქტიულ ფორმად გარდაიქმნება. ასეთი მოლეკულები დნმ-ს უკავშირდება და მას აზიანებს. თუ დაზიანება ვერ გამოსწორდა, უჯრედის გაყოფისას, შესაძლოა, მუტაცია ჩამოყალიბდეს. მუტაციებმა შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს უჯრედების უკონტროლო გამრავლების შემაკავებელი გენები ან ზედმეტად გაააქტიუროს ზრდის ხელშემწყობი გენები. ასეთი ცვლილებების დაგროვება კიბოს განვითარების ერთ-ერთი გზაა.

WHO-ის მიხედვით, თამბაქოს მოხმარების უსაფრთხო დონე არ არსებობს. ამ სიაში სიგარეტი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ შესწავლილი საფრთხეა, ხოლო მოწევის შეწყვეტა კიბოს პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ასევე იხილეთ: რა გავლენა აქვს მოწევას თქვენს ჯანმრთელობაზე — 5 მთავარი საფრთხე

2. ძეხვეული, გადამუშავებული და შებოლილი ხორცი

გადამუშავებული ხორცი — სოსისები, ბეკონი, ძეხვი თუ შებოლილი ხორცეული უამრავი ოჯახისთვის მოსახერხებელი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გადაწყვეტაა; ამის მიუხედავად, დღევანდელი დროისა თუ ფინანსების დაზოგვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯანმრთელობის შეუქცევად პრობლემად შეიძლება დაგვიჯდეს. IARC საკვების ამ კატეგორიას ადამიანისთვის კანცეროგენურად მიიჩნევს: მისი ხშირი მოხმარება კი კოლორექტალური, ანუ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს გაზრდილ რისკს უკავშირდება.

ამ კავშირის ასახსნელად მეცნიერები რამდენიმე მექანიზმს განიხილავენ: ხორცის დამუშავების, მომზადებისა და მონელებისას შეიძლება წარმოიქმნას ნაერთები, რომელთა ნაწილსაც კანცეროგენური თვისებები აქვს.

უფრო კონკრეტულად, ზოგ პროდუქტში კონსერვირებისთვის გამოყენებულმა ნიტრიტებმა შესაბამის პირობებში ხორცის სხვა კომპონენტებთან რეაქციით შეიძლება წარმოქმნას N-ნიტროზონაერთები, მათ შორის ზოგი კანცეროგენური ნიტროზამინი. გარდა ამისა, ხორცის ჰემს — რკინის შემცველ კომპონენტს — შეუძლია ხელი შეუწყოს ნიტროზონაერთების წარმოქმნასა და ცხიმების ჟანგვას. ჟანგვის პროცესებში წარმოქმნილი ზოგი რეაქტიული ნივთიერება აზიანებს უჯრედებსა და დნმ-ს. რაც შეეხება შებოლვას — ამ გზით დამუშავებულ ხორცში, შესაძლოა, წარმოიქმნას ან მასზე დაილექოს პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები — PAH-ები, რომელთა ნაწილიც კანცეროგენურია.

WHO-ის მიერ აღწერილ ანალიზში ყოველდღიურად დამატებით 50 გრამი დამუშავებული ხორცის მოხმარება კოლორექტალური კიბოს დაახლოებით 18%-ით მაღალ ფარდობით რისკს უკავშირდებოდა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებელთა 18%-ს კიბო განუვითარდება, თუმცა კიბოს პრევენციისთვის ყოველდღიურ რაციონში მსგავსი საკვების შემცირება ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილებაა.

3. ნებისმიერი ალკოჰოლი — ღვინისა და ლუდის ჩათვლით

ალკოჰოლი სულ მცირე შვიდი ტიპის კიბოს დადასტურებული მიზეზია, მათ შორის ძუძუს, ღვიძლისა და კოლორექტალურის. 2026 წელს გამოქვეყნებულმა ფართომასშტაბიანმა მეტაანალიზმა კი მისი მოხმარება ათი ტიპის კიბოს მომატებულ რისკს დაუკავშირა, მათ შორის ძუძუს, ღვიძლისა და კოლორექტალურის. რისკი მხოლოდ ძლიერ სასმელს არ ეხება — ეთანოლს ღვინოც შეიცავს და ლუდიც.

WHO-ის მიხედვით, კიბოს რისკისგან თავისუფალი მოხმარების ზღვარი დადგენილი არ არის. WHO-ის შეფასებით, 2020 წელს მის ევროპის რეგიონში კიბოს ახალი შემთხვევების დაახლოებით 4% — დაახლოებით 186 000 შემთხვევა — ალკოჰოლის მოხმარებას მიეწერებოდა.

მექანიზმი, რომლის გავლითაც ალკოჰოლი კიბოს იწვევს, ყველა ალკოჰოლური სასმლისთვის საერთო ნივთიერებას — ეთანოლს უკავშირდება. ეთანოლის დაშლისას წარმოქმნილ აცეტალდეჰიდს დნმ-ისა და ცილების დაზიანება შეუძლია. ალკოჰოლის მეტაბოლიზმი ასევე ხელს უწყობს ჟანგბადის რეაქტიული ფორმების წარმოქმნას, ხოლო ფოლატის ცვლის დარღვევამ შეიძლება დნმ-ის ნორმალური წარმოქმნა და შენარჩუნება შეაფერხოს. კიდევ ერთი გზაა ესტროგენის დონის მატება, რომელსაც ჰორმონებზე მგრძნობიარე უჯრედების გამრავლების სტიმულირება შეუძლია და ძუძუს კიბოს რისკს უკავშირდება.

ასევე იხილეთ: ალკოჰოლის მოხმარება 10 ტიპის სიმსივნის განვითარების რისკთან დააკავშირეს

4. ძალიან ცხელი ჩაი ან ყავა

ამ შემთხვევაში ყურადღება ტემპერატურას ექცევა და არა თვითონ სასმლის შედგენილობას. IARC-ის შეფასებით, 65°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე სასმლის მიღება, სავარაუდოდ, კანცეროგენურია და საყლაპავის კიბოს უკავშირდება.

აქედან არ გამომდინარეობს, რომ ზომიერი ტემპერატურის ჩაი ან ყავა კიბოს იწვევს, თუმცა რეკომენდებულია ცხელი სასმლის გაგრილება და შემდეგ მიღება.

მოქმედების სავარაუდო მექანიზმი კი შემდეგნაირია: ძალიან ცხელმა სითხემ შეიძლება საყლაპავის შიდა ზედაპირის უჯრედები დააზიანოს. დაზიანებული ქსოვილის აღსადგენად, ბუნებრივია, უჯრედების გამრავლების მექანიზმი აქტიურდება. მსგავსმა განმეორებითმა დაზიანებებმა, ანთებამ და აღდგენამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკვე შეცვლილი უჯრედების გამრავლებასა და სიმსივნის განვითარებას.

IARC-ის შეფასებაში ცხოველებზე ჩატარებული კვლევები მხარს უჭერს სიმსივნის განვითარების ხელშემწყობ ეფექტს, თუმცა ადამიანებში მექანიზმის ყველა საფეხური საბოლოოდ დადასტურებული არ არის. შესაბამისად, ზედმეტად ცხელი სასმელი, სავარაუდოდ, კანცეროგენურია და აჯობებს, თუ საყვარელ სასმელს დალევამდე გაგრილებას აცდით და შემდეგ დალევთ.

5. შაქრით დამტკბარი სასმელები

ლიმონათებისთვის თუ შაქრით დამტკბარი სხვა სასმელებისთვის თავის არიდება კიბოს პრევენციის რეკომენდაციებშიც გვხვდება. მათი რეგულარული, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოხმარება ხელს უწყობს წონის მატებასა და სიმსუქნეს, ჭარბი ცხიმოვანი მასა კი რამდენიმე ტიპის კიბოს რისკს ზრდის.

მოქმედების მექანიზმი შემდეგნაირია: შაქრით დამტკბარი სასმელების ხშირი და დიდი მოცულობით დალევა ხელს უწყობს იმაზე მეტი კალორიის მიღებას, ვიდრე ორგანიზმი ხარჯავს, რამაც წონისა და ცხიმოვანი მასის მატება შეიძლება გამოიწვიოს. სიმსუქნეს ხშირად ახლავს ინსულინრეზისტენტობა და ინსულინის მომატებული დონე. ინსულინისა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის — IGF-1-ის — სასიგნალო გზები უჯრედების ზრდასა და გადარჩენაში მონაწილეობს; მათი გაძლიერებული აქტივობა კიბოს რისკის ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმია. ცხიმოვანი ქსოვილი ესტროგენის წარმოქმნაშიც მონაწილეობს, ხოლო ამ ჰორმონის მომატებული დონე ზოგი ჰორმონდამოკიდებული კიბოს რისკს უკავშირდება. კიდევ ერთი შესაძლო მექანიზმია სიმსუქნესთან დაკავშირებული ქრონიკული ანთება.

აქ კავშირი ძირითადად არაპირდაპირია: ეს არ ნიშნავს, რომ შაქარი თამბაქოს მსგავსი დადასტურებული კანცეროგენია. სწორედ წონის მატებასთან დაკავშირებული რისკის გამო, კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდი შაქრიანი სასმელების შეზღუდვას და უმეტესად წყლისა თუ უშაქრო სასმელების არჩევას გვირჩევს.


დაბოლოს, არ შეიძლება არ ვახსენოთ ინფექციები. ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, 2024 წელს დიაგნოსტირებული სიმსივნის შემთხვევების 12% — ანუ 2.3 მილიონი ახალი შემთხვევა — ინფექციებთანაა დაკავშირებული. ხოლო ამ 12%-იდან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ 5 ძირითად პათოგენთანაა ასოციაციაში. ეს პათოგენებია: Helicobacter pylori, რომელსაც 2024 წელს კიბოს შემთხვევების 4% (760 000 შემთხვევა) უკავშირდებოდა, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), რომელიც ასევე გლობალური კიბოს შემთხვევების 4%-ის (750 000 შემთხვევა) გამომწვევი იყო; B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) — 2%, ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) — 1%. C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) კი გლობალურად კიბოს შემთხვევების 1%-ზე ნაკლებზე იყო პასუხისმგებელი.

ასევე იხილეთ: კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა

აღსანიშნავია, რომ ამ ინფექციებთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების ნაწილის პრევენცია შესაძლებელია: HPV-ისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინა არსებობს, ხოლო H. pylori-ს, B და C ჰეპატიტის გამოვლენასა და სათანადო მკურნალობას შესაბამისი კიბოს რისკის შემცირება შეუძლია. მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგიც. ეპშტეინ-ბარის ვირუსის შემთხვევაში კი სიმსივნის პრევენციის საშუალებები ჯერ შეზღუდულია და დამატებით კვლევას საჭიროებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.