ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატთა ვინაობა უკვე ცნობილია. პრიზი 2 მეცნიერს გადაეცა, ესენი არიან: ჰენრი კეიგანი და კენსო სოაი. მათ ნობელის პრემია "ასიმეტრიულ ორგანულ სინთეზში ავტოკატალიზისა და არაწრფივი ეფექტის აღმოჩენისთვის" მიიღეს.

კეიგანმა ქიმიური რეაქციების მანიპულაციის ახალ გზას მიაგნო, რამაც ე.წ. სარკული გამოსახულებების მიღების შესაძლებლობა გააფართოვა. ეს რევოლუციური აღმოჩნდა ქიმიკოსებისთვის, რომლებიც პრეპარატებზე, არომატებზე, გემოებსა და მასალებზე მუშაობენ.

სოაიმ შეიმუშავა პირველი ქიმიური რეაქცია, რომელშიც მხოლოდ ერთი პოტენციური სარკული გამოსახულება წარმოიქმნა. ეს აქამდე მხოლოდ თავად სიცოცხლემ შეძლო.

ცნობისთვის, ზოგიერთი მოლეკულა ორი ვარიანტის სახით არსებობს, რომლებიც ერთმანეთის სარკული გამოსახულებებია. ამის მიუხედავად, ცოცხალ ორგანიზმებში მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გვხვდება. მეცნიერებისთვის დიდი ხანი გამოცანად რჩებოდა, როგორ ჩამოყალიბდა ასეთი ქიმიური ასიმეტრია. წლევანდელმა ნობელიანტებმა ამ საიდუმლოს ამოხსნა გახადეს შესაძლებელი.

ფოტო: Johan Jarnestad/The Royal Swedish Academy of Sciences

სიცოცხლეს ჰომოქირალურობა ახასიათებს. ეს ტერმინი ბერძნულ სიტყვებს აერთიანებს: "იგივე" და "ხელი". ხელების მსგავსად, ამინომჟავები ორი სარკული ვარიანტის სახით გვხვდება, მაგრამ ჩვენი ორგანიზმის შემადგენელ უჯრედები, კერძოდ კი ცილებში, მხოლოდ ერთი მათგანია. მეორე ბუნებაში იშვიათია.

ჰომოქირალურობის წარმოშობის შესასწავლად მკვლევრები ისეთი ქიმიური რეაქციების ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რომელთა შედეგადაც ორი სარკული მოლეკულა მიიღებოდა. სინჯარაში ყოველთვის ორივე მათგანის თანაბარი პროპორცია იყო, არადა მხოლოდ ერთის წარმოქმნა სჭირდებოდათ.

ეს იმიტომ, რომ, მაგალითად, ცოცხალ ორგანიზმში გამოყენებადი, ფარმაცევტული დანიშნულების, მოლეკულის მისაღებად სასურველი ეფექტი სწორედ მხოლოდ ერთ სარკულ ვარიანტს აქვს.

2026 წლის ნობელიანტების აღმოჩენების მეშვეობით ქიმიკოსებს ამ დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობა მიეცათ. ქიმიური რეაქციებით ჰომოქირალურობა უკვე მიღწევადი გახდა.

"ჰენრი კეიგანმა და კენსო სოაიმ ამოხსნეს ქიმიური თავსატეხი, რომელიც ერთ საუკუნეზე დიდი ხანი არსებობდა: როგორ შეიძლება, რომ ჰომოქირალურობა სპონტანურად წარმოიქმნას. მათ მიერ შემუშავებული ქიმიური რეაქციები გასაოცარია", — განაცხადა ქიმიის დარგში ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰეინერ ლინკმა.

კეიგანმა 1986 წელს ქიმიური რეაქციების საჭირო გზით წარმართვის მეთოდს მიაგნო. ამის შედეგად ერთი სარკული ვარიანტის ხელმისაწვდომობა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე იქამდე შესაძლებლად მიაჩნდათ.

მეორე ნაბიჯი უკვე სოიაიმ გადადგა. 1995 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში მან აღწერა პირველი ქიმიური რეაქცია, რომელსაც ჰომოქირალურობის პოტენციალი ჰქონდა. 2003 წელს ეს უკვე რეალურად განახორციელა, ანუ ერთი სარკული ვარიანტი წარმოქმნა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.