ასტრონომებმა იშვიათი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენებისგან წარმოიქმნა. ის თეთრი ჯუჯის გარშემო მოძრაობს — მნათობის მკვრივი ბირთვის, რომელიც დედამიწის ზომის მოცულობაში მზის მასას იტევს. ამგვარი ობიექტის მახლობლად მეორე თაობის ციურ სხეულს პირველად მიაგნეს.

ეს იმითაცაა საინტერესო, რომ ჩვენი ვარსკვლავიც აფეთქების შემდეგ თეთრ ჯუჯად იქცევა. შესაბამისად, მსგავსი კვლევები დედამიწის მშობლიური სისტემის პოტენციური მომავლის შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას.

ასევე იხილეთ: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?

"მეორე თაობის პლანეტები ისეთებია, რომლებიც ვარსკვლავის სიკვდილისას გამოთავისუფლებული მატერიისგან ფორმირდება. ისინი ძალიან იშვიათია და თეთრი ჯუჯის გარშემო მსგავსი ობიექტის პოვნა სრულიად მოულოდნელი იყო. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ მიაგნო პლანეტას, რომელიც საკუთარი მნათობის ფერფლიდან აღდგა", — აცხადებს უორიკის უნივერსიტეტში მომუშავე ჯეიმი უილიამსი.

ვარსკვლავი თეთრ ჯუჯად მაშინ გარდაიქმნება, როცა მის ბირთვში წყალბადის მარაგი იწურება. ამის შედეგად სუსტდება გარეთ მიმართული ძალაც, რომელიც გრავიტაციას ეწინააღმდეგება. შედეგად, მნათობი საკუთარი მიზიდულობის ძალის გავლენითვე კოლაფსს განიცდის, გარე შრეები კი ფართოვდება და ახლომდებარე პლანეტებს შთანთქავს (ე.წ. წითელი გიგანტის ფაზა). შემდეგ ეს მტვერი და აირი ერთგვარ დისკოს ქმნის. ზოგმა თეთრმა ჯუჯამ შეიძლება გადარჩენილი ციური სხეულებისგან დამატებითი მატერიაც "მიითვისოს", რისი გამოვლენაც კლდოვანი მასალის მაფორმირებელი ელემენტების დაფიქსირებით შეგვიძლია (მაგ: სილიციუმი და რკინა).

ილუსტრაცია თეთრი ჯუჯის გარშემო არსებულ კლდოვან ფრაგმენტებს გვიჩვენებს.

ფოტო: NOIRLab

მეცნიერთა მიერ შესწავლილ სისტემაში არსებულ თეთრ ჯუჯას HS 0209+0832 ეწოდება და ის ჩვენგან 790 სინათლის წლითაა დაშორებული. მის ნარჩენში თუთიის, სპილენძის და, რაც ყველაზე მთავარია, ნიობიუმის მაღალი კონცენტრაციაა — მზეზე დაახლოებით 1000-ჯერ მეტი. აქედან დაასკვნეს, რომ აღნიშნული ელემენტები მომაკვდავ ვარსკვლავს პირველი თაობის პლანეტისგან არ უნდა მიეზიდა, არამედ იმ ობიექტისგან, რომელიც მისი ნარჩენი მატერიისგან ჩამოყალიბდა.

"ამ ვითარებაში პროტოპლანეტარული დისკოს ფორმირება მარტივი არაა, რაც ხსნის, რატომაა ასეთი პლანეტები იშვიათი. ერთი იზოლირებული ვარსკვლავი სიკვდილისას გარშემო მასას თითქმის სიმეტრიულად ანაწილებს. პლანეტის წარმოსაქმნელად აუცილებელი დისკოს ჩამოსაყალიბებლად HS 0209+0832-ს, სავარაუდოდ, კომპანიონი ვარსკვლავი დასჭირდებოდა, რომელიც გამოფრქვეულ მატერიას ორბიტისკენ მიიზიდავდა და იქიდან გაღწევის საშუალებას არ მისცემდა", — ამბობს უილიამსი.

რაც შეეხება ეგზოპლანეტას, ის კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ით შეისწავლეს. მეცნიერები თეთრი ჯუჯის სიკაშკაშის ცვლილებას დააკვირდნენ, რაც სწორედ მის ირგვლივ მოძრავი ობიექტით იყო გამოწვეული. მონაცემების მიხედვით გამოითვალეს, რომ საქმე იუპიტერის ზომის ე.წ. აირის გიგანტთან გვაქვს, რომელიც მნათობის ბირთვის ირგვლივ გადაადგილებას 4.4 დღეს ანდომებს. მათი სიახლოვე ნიშნავს, რომ ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ძლიერი რადიაციის გამო განადგურება ელის.

ეს მიგნება შეიძლება სხვა ასეთი ობიექტების გამოვლენასა და მზის სისტემის შესაძლო მომავლის განსაზღვრაში დაგვეხმაროს.

ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.