Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
ფოტო: Cheng Xin/Getty Images
Meta-ს ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი Muse რეიტინგით აპლიკაციების სათავეში მოექცა. როგორც ჩანს, კომპანიის ახალი პროდუქტი მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მობილური მონაცემების კვლევითი კომპანიის, Sensor Tower-ის, შეფასებით, ჩაშვებიდან არასრულ ერთ თვეში აპლიკაციის ჩამოტვირთვების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. Meta-ს AI ასისტენტმა აღნიშნულ მაჩვენებელს 30 სექტემბერს მიაღწია.
5 მილიონი ჩამოტვირთვის დასაგროვებლად Muse-ს სულ რაღაც 3 კვირა დასჭირდა, რაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნევა. შედარებისთვის, OpenAI-ს ChatGPT-ს ამ შედეგის მისაღწევად 56 დღე დასჭირდა, Anthropic-ის Claude-ს — 103 დღე, ხოლო ილონ მასკის Grok-ს — 492 დღე.
ამ დროისთვის Muse პირველ ადგილს იკავებს როგორც Apple-ის App Store-ში, ასევე Google-ის Google Play-ს რეიტინგებში.
ასევე იხილეთ: რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
Sensor Tower-ის განმარტებით, Muse ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებს შორის ლიდერობს, მაგრამ მას ზოგადად აპლიკაციების აბსოლუტური რეკორდი არ მოუხსნია. მაგალითად, სტრიმინგის პლატფორმებს (Disney+, HBO Max), პოპულარულ თამაშებს (Candy Crush, Pokemon Go, Fortnite) და Meta-ს სოციალურ ქსელ Threads-ს ანალოგიური ან უფრო ნაკლები დრო დასჭირდა 5 მილიონი ჩამოტვირთვის მოსაგროვებლად.
Meta-მ Muse-ის პოპულარიზაციაში უზარმაზარი რესურსი ჩადო. მეორე მხრივ, პროექტის წარმატებას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. საზოგადოებაში კვლავ ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ გაუმკლავდება კომპანია მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვას — განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ Meta-ს უსაფრთხოების ხარვეზები წარსულშიც არაერთხელ ჰქონია.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ისტორიასაც. მისი თქმით, Muse-მა Facebook Marketplace-ზე ნივთი ავტომატურად, პატრონის გაფრთხილების გარეშე, გაყიდა და მყიდველი პირდაპირ მის მისამართზე გააგზავნა.
მსგავსი ინციდენტების მიუხედავად, აშკარაა, რომ Muse და მისი ახალი თილისმა მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
კომენტარები