რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
კრისტა პაიკს 18 წლის ასაკში ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელის უმძიმესი ფორმის განაჩენი რამდენიმე დეკადის წინ გამოუტანეს. მისი სიკვდილით დასჯა ტენესის შტატში მიმდინარე წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ქალი ლეტალური ინიექციის ორ დოზას გადაურჩა. იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
ეს ამბავი არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამან კითხვებიც გააჩინა: მაინც რა არის ეს ინიექცია და როგორ მოქმედებს? ან როგორ მოხდა, რომ ქალი მის სხეულში ორი ასეთი დოზის შეყვანის შემდეგ არ გარდაიცვალა?
სტატიაში პროცედურისას გამოყენებულ ნივთიერებასა და კრისტა პაიკის გადარჩენის სავარაუდო მიზეზებზე გიყვებით.
მომაკვდინებელი ინიექცია — პენტობარბიტალი
აშშ-ის შტატებში ლეტალურ ინიექციებად სხვადასხვა ნივთიერება ან მათი კომბინაცია გამოიყენება. ორი ყველაზე გავრცელებული ასეთი პრეპარატი პენტობარბიტალი და მიდაზოლამია.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველი მათგანის გამოყენება აკრძალა. ეს კვლევებზე დაფუძნებულ ეჭვებს უკავშირდებოდა, რომ იგი ტკივილსა და ტანჯვას შეიძლება იწვევდეს. ამის მიუხედავად, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ აკრძალვა გააუქმა. მიზეზად წინა მთავრობის მიერ "სტანდარტისა და მეცნიერების არასწორად გაგება" დაასახელეს. მათი თქმით, ამ მეთოდით სიკვდილით დასჯისას ადამიანი გონებას კარგავს, ამიტომ "ტკივილს არ განიცდის".
ფოტო: ProteinIQ
პენტობარბიტალი ბარბიტურატების ტიპის პრეპარატების რიგშია, ანუ ნერვული სისტემის აქტივობას თრგუნავს. მას ექიმები კრუნჩხვის მოსახსნელად იყენებენ, ხოლო სიკვდილით დასჯისას პატიმრის სხეულში იგი ცალკე ან სხვა ნივთიერებებთან ერთად შეჰყავთ. წელს ამ მეთოდით 14 მსჯავრდადებული დასაჯეს.
აშშ-ში აღნიშნული პრეპარატი "ნემბუტალის" დასახელებითაა ცნობილი. ის ნაკლებად ხელმისაწვდომია, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ევთანაზიისთვისაც იყენებენ. ზოგადად, ბარბიტურატები მე-19 საუკუნეში გამოჩნდა და მათი მეშვეობით ძილის პრობლემებს, ეპილეფსიასა ან ტვინის ტრავმულ დაზიანებასაც მკურნალობენ.
რა თქმა უნდა, ამისთვის კონკრეტული დოზებია განსაზღვრული. გადაჭარბებული რაოდენობა სუნთქვის შეწყვეტასა და სიკვდილს იწვევს. ამ რისკის გამო მსგავსი მედიკამენტები რუტინული სამედიცინო მოხმარებიდან დაახლოებით ბოლო 20 წლის განმავლობაში ამოიღეს.
როგორ მოქმედებს პრეპარატი
პენტობარბიტალი ადამიანის ტვინზე, სასუნთქ სისტემაზე, გულსა და მოტორულ ფუნქციებზე ზემოქმედებს.
სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ანესთეზიოლოგიის პროფესორის, რიჩარდ ლევის, თქმით: "ჩვეულებრივ, პენტობარბიტალის ეფექტი ინიექციის შემდე წამებში ან წუთებში ვლინდება".
იგი ამბობს, რომ ნივთიერების მთავარი მიზანი მსჯავრდადებულის უგონო მდგომარეობაში გადაყვანა, შემდეგ კი აპნოეს პროვოცირებაა. ამ დროს სუნთქვა ჩერდება, რასაც მომდევნო ეტაპზე უკვე ჰიპოქსია მოჰყვება. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ჟანგბადი იწურება. საბოლოოდ, გულისცემაც წყდება და ადამიანი კვდება.
აღსანიშნავია, რომ გულის მუშაობა ელექტრულ აქტივობასა და ჟანგბაზე ერთდროულადაა დამოკიდებული. ორგანიზმში ლეტალური პრეპარატის შეყვანა არ ნიშნავს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირება მომენტალურად შეწყდება.
ფიზიოლოგიური ეფექტების მიმდევრობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, კრისტა პაიკის შემთხვევაში ორივე დოზის მიღების შემდეგაც კი გულისცემა კვლავ გრძელდებოდა.
"შეიძლება პენტობარბიტალმა აპნოე ყოველთვის არ გამოიწვიოს, თუკი დოზა არასაკმარისია ან ვენაში ინიექცია სათანადოდ ვერ ხერხდება. შედეგად, შესაძლოა, პატიმარმა სუნთქვა არ შეწყვიტოს. აპნოეს გარეშე ინიექცია, სავარაუდოდ, სიკვდილს არ გამოიწვევს", — აცხადებს რიჩარდ ლევი.
კრისტა პაიკის შემთხვევა
ცნობილია, რომ ინიექციის შემდეგ პაიკი ჯერ კიდევ გონზე იყო და ამბობდა, როგორ სტკიოდა ხელი — თითქოს ეს-ესაა გაუსკდებოდა. მომდევნო წუთების განმავლობაში იგი ლაპარაკობდა, სუნთქავდა, კვნესოდა და ხრიალებდა. მაშინ, როცა იქ მყოფთათვის (ვინც პროცედურას ესწრებოდა) სადამსჯელო ოთახის ფარდა მეორედ გადასწიეს, პაიკი უკვე ღია პირით ხრიალებდა.
გაირკვა, რომ ინიექციის მცდელობისას მისი მარცხენა ხელის ვენაში ნემსის მოთავსება სულ მცირე შვიდჯერ სცადეს. სისხლძარღვში შეღწევა გაუჭირდათ, ამიტომ პროცესი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
ჯერჯერობით დაუდგენელია, როგორ გადარჩა იგი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ. ამის მიუხედავად, რამდენიმე ვარაუდი არსებობს. მაგალითად, ორგვარი ახსნა აქვს იურისტ კლივ სტეფორდ სმიტს, რომელიც აშშ-ში სიკვდილმისჯილებთან 25 წელია, მუშაობს. ის ამბობს, რომ ერთი პოტენციური მიზეზი ვადაგასული პრეპარატია. ამას იმის გამო ეჭვობს, რომ ნივთიერება ძნელად იშოვება.
მეორე შესაძლო სცენარი თავად ინიექციის პროცესის გართულებაა, თან იმ ფონზე, როცა პროცედურაში ექიმები არ მონაწილეობენ.
"ორი უშედეგო ინიექცია მოწმობს, რომ ან დოზები ზედმეტად მცირე იყო, ან ისინი ვენაში ვერ მოხვდა", — ამბობს სმიტი.
საინტერესოა მედიკოსთა მოსაზრებებიც. მაგალითად, მომხდარს საერთო პროფილის ბრიტანელი ექიმი, ნიკი რამსკილიც, გამოეხმაურა:
"თუკი მიზანმიმართულად სასიკვდილო დოზა ინტრავენურად შეჰყავთ და ადამიანი მაინც ცოცხალია, მთლიანი პროცესის გამოძიებაა საჭირო და არა იმის დასკვნა, რომ, უბრალოდ, მისი ორგანიზმი როგორღაც პრეპარატისადმი მედეგი აღმოჩნდა".
მთავარი კითხვაა, რამდენად გადავიდა მსჯავრდადებულის სისხლში სრული დოზა და გაუკეთეს თუ არა სწორად კათეტერი.
"თუ კათეტერი სწორად არ ფუნქციონირებს, ზოგი ნივთიერება შეიძლება ვენის გარშემო ქსოვილებში მოხვდეს და არა მიმოქცევაში, როგორც გამიზნული იყო", — ამბობს ექიმი.
იმისი თქმითაც, სხვა პოტენციური მიზეზები შეიძლება პრეპარატის არასათანადო კონცენტრაციას, ვადას, დამზადებისა და შენახვის პირობებს, ასევე ინიექციის სისწრაფეს უკავშირდებოდეს. ნიკი რამსკილი აღნიშნავს, რომ არსებობს ორგანიზმის მიერ ნივთიერების ძალიან მცირე დროში გადამუშავების ფაქტორიც, მაგრამ პაიკის გადარჩენაში ამის როლის დასადასტურებლად სამედიცინო-ტოქსიკოლოგიური მტკიცებულებაა საჭირო.
ექიმის თქმით, ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობაც არაა ცნობილი, რომელიც ადამიანს პენტობარბიტალის სასიკვდილო დოზის მიმართ "იმუნურს" გახდიდა. წარსულში ბარბიტურატის გამოყენებამ შეიძლება პრეპარატის მიმართ გარკვეული დონის ამტანობა ჩამოაყალიბოს ან მასზე რეაქციაზე სხეულის შედგენილობამ და ღვიძლის ფუნქციამ იმოქმედოს. ამის მიუხედავად, რამსკილი ხაზგასმით ამბობს, რომ მსგავსი ფაქტორები მყარი მტკიცებულებების გარეშე ახსნად არ გამოდგება.
შესაბამისად, სიკვდილმისჯილის გადარჩენის ყველაზე სავარაუდო მიზეზებად თავად პრეპარატთან დაკავშირებული პრობლემები ან სხეულში მისი არასათანადო ინიექცია მოიაზრება. კრისტა პაიკის შემთხვევის გამოძიების ბრძანება უკვე გასცეს. ვარაუდობენ, რომ, გადარჩენის მიუხედავად, პრეპარატი მისი ტვინის დაზიანებას გამოიწვევდა.




კომენტარები