Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
ფოტო: 11:58 a.m. EDT
დღეს, 28 სექტემბერს, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უმძლავრესი მეგარაკეტა Starship ორბიტაზე პირველად გაუშვა. მან საჭირო სიმაღლეს მიაღწია და დედამიწის დაბალ ორბიტაზე Starlink-ის 26 სატელიტი წარმატებით განათავსა.
მას პლანეტის გარშემო 6-ჯერ უნდა შემოევლო და უკან დაახლოებით 10 საათში დაბრუნებულიყო. ამის მიუხედავად, მისიაზე მომუშავე გუნდმა გადაწყვიტა, რაკეტის ტრაექტორია უფრო ადრე შეეცვალა.
რაკეტის პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) Super Heavy-ა, მეორე კი — Ship. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მთვარესა და მარსზე გამგზავრება გაამარტივოს. კომპანიაში Starship-ს რაკეტების "წმინდა გრაალს" უწოდებენ.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინჟინრებმა რაკეტის მეორე საფეხურის, Ship-ის, ორბიტალური მონაცემები გააანალიზეს. აპარატს კიდევ 7.5 საათი უნდა ეფრინა, თუმცა თბილისის დროით 19:00 საათისთვის ატმოსფეროში შემოსასვლელად საჭირო მანევრი დაგეგმეს.
რაკეტამ Raptor 3 ტიპის ძრავები წარმატებით აამუშავა და დედამიწისკენ აიღო გეზი. მან სიჩქარე ნელ-ნელა შეამცირა, რასაც დაახლოებით 1 საათი დასჭირდა. ის წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში დაეშვა.
იხილეთ SpaceX-ის მიერ გამოქვეყნებული კადრები:
124-მეტრიანი აპარატი სამხრეთ ტეხასში მდებარე Starbase-ის კოსმოდრომიდან თბილისის დროით 16:49-ზე აფრინდა. 2 წუთსა და 34 წამში მას Super Heavy გამოეყო და მექსიკის ყურეში დაეშვა. ამის პარალელურად Ship-მა მოძრაობა განაგრძო. მან ძრავები აამუშავა, რათა საჭირო სიმაღლემდე მიეღწია. აღსანიშნავია, რომ Raptor 3-ის ტიპის ძრავა მოულოდნელად გაითიშა, მაგრამ აპარატმა მიზანს მაინც მიაღწია.
ინჟინრებმა სიტუაცია შეაფასეს და გადაწყვიტეს, რაკეტა ორბიტაზე მაინც შესულიყო. საბოლოოდ, მან საჭირო მანევრი დაახლოებით 275 კილომეტრ სიმაღლეზე შეასრულა.
52-მეტრიანმა Ship-მა ორბიტაზე კომპანიის შემდეგი თაობის (Starlink Version 3) 26 სატელიტი განათავსა. ეს დედამიწის დაბალ ორბიტაზე ახალი ხელოვნური თანავარსკვლავედის შემადგენელი პირველი ჯგუფია. მასკის განცხადებით, საერთო ჯამში მათი რაოდენობა 100 000 იქნება. ამგვარი თანამგზავრები წინა მისიების დროსაც გაუშვეს, მაგრამ სუბორბიტალური ტრაექტორიის გამო სიმაღლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
საბოლოოდ, ეს მისია წარმატებული აღმოჩნდა. დედამიწის გარშემო 6-ჯერ შემოვლის გარდა, რაკეტამ ყველა დაგეგმილ მიზანს მიაღწია და ტესტირებების სერია სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
კომენტარები