დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
ფოტო: SpaceX
დღეს, 28 სექტემბერს, ილონ მასკის კომპანია SpaceX თავის უმძლავრეს მეგარაკეტა Starship-ს ორბიტაზე პირველად გაუშვებს. ფრენა სამხრეთ ტეხასში მდებარე Starbase-ის კოსმოდრომიდან შედგება.
ეს 124-მეტრიანი აპარატისთვის რიგით 14-ე მისიაა. მისი პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) Super Heavy-ა, მეორე კი — Ship. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მთვარესა და მარსზე გამგზავრება გაამარტივოს.
კომპანიაში მას რაკეტების "წმინდა გრაალს" უწოდებენ. ამის მიუხედავად, Starship ჯერ საცდელ ეტაპზეა. მისი დებიუტი 2023 წელს შედგა და მას შემდეგ 13 სატესტო ფრენა განახორციელა. აქამდე ყველა მათგანი სუბორბიტალური იყო, ანუ აპარატი ატმოსფეროს საზღვრებს კვეთდა, მაგრამ კოსმოსში მოძრაობის გასაგრძელებლად ჰორიზონტალურად გადაადგილების სისწრაფე არ ჰყოფნიდა (ეს არც იყო გამიზნული).
ახლა ყველაფერი იცვლება — მას ამჯერად ორბიტაზე უშვებენ. ფრენის 75-წუთიანი ფანჯარა თბილისის დროით 16:15-ზე იხსნება. პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას აქ შეძლებთ:
მისიის ფარგლებში 52-მეტრიან Ship-ს ორბიტაზე გაგზავნიან, სადაც ის კომპანიის შემდეგი თაობის (Starlink Version 3) 26 სატელიტს განათავსებს. ეს დედამიწის დაბალ ორბიტაზე ახალი ხელოვნური თანავარსკვლავედის შემადგენელი პირველი ჯგუფია. მასკის განცხადებით, საერთო ჯამში მათი რაოდენობა 100 000 იქნება.
თანამგზავრების განთავსების შემდეგ რაკეტა პლანეტას ექვსჯერ შემოუვლის და აფრენიდან დაახლოებით 10 საათში წყნარი ოკეანის სანაპიროზე დაეშვება. შედარებისთვის, სუბორბიტალური მისიების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 65 წუთი იყო და აპარატი ინდოეთის ოკეანეში ბრუნდებოდა.
რაც შეეხება Super Heavy-ს, ის მეორე საფეხურთან განცალკევების შემდეგ მექსიკის ყურეში დაეშვება. ეს აფრენიდან დაახლოებით 7 წუთში მოხდება, როგორც წინა შემთხვევებში. კომპანია გეგმავს, რომ არასატესტო მისიებისას ორივე საფეხური სპეციალურ პლატფორმაზე დააბრუნოს, "დამჭერ" კოშკში. Super Heavy-ს შემთხვევაში მსგავსი რამ უკვე წარმატებით გამოცადეს, Ship-ის ჯერი კი მომდევნო ფრენისას დადგება.
მომავალში კომპანიას იმის დემონსტრირებაც მოუწევს, რომ ორბიტის მიღმა გაშვებული რაკეტის საწვავის შევსება "ტანკერი" Ship-ების მეშვეობით შეუძლია. ასევე, აპარატი ეკიპაჟისთვის საჭირო სისტემებითაც უნდა აღიჭურვოს, რადგან მთვარის პროგრამა Artemis-ის ფარგლებში ზედაპირზე დასაშვებ მოდულად სწორედ Ship შეარჩიეს. ადამიანებს იქ 2028 წელს გაგზავნიან (Artemis IV).
კომენტარები