ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
ფოტო: Getty Images
კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია AstroForge მომდევნო წლისთვის ისტორიული მისიის განხორციელებას გეგმავს. მას Autonomy-1 ეწოდება, რომელსაც ორბიტაზე რაკეტა Nova Pathfinder გაიტანს. ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი ფრენა იქნება.
მისიის სახელიც მიანიშნებს, რომ ზონდი ავტონომიურად იფუნქციონირებს. ამის საშუალებას კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Solo იძლევა. ისინი აცხადებენ, რომ ეს პირველი მისია იქნება, რომლის დროსაც აპარატი განცალკევების შემდეგ გეგმას მთლიანად დამოუკიდებლად შეასრულებს — ის ხმელეთიდან ბრძანებას არ მიიღებს.
AstroForge-მა დაფინანსება 2022 წელს მოიპოვა. გუნდს "მზის სისტემაში არსებული რესურსებით სარგებლობა" სურს. განსაკუთრებულ ყურადღებას მეტალებზე ამახვილებენ, რომელთა მოპოვებასაც ზონდების "ფლოტის" მეშვეობით აპირებენ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანის დისტანციურად გაკონტროლება ძალიან ძნელი იქნება. სწორედ ამიტომ შექმნეს Solo.
კომპანიაში ამბობენ, რომ ეს მოდელი აპარატის ბორტზე არსებულ სისტემებს ავტონომიურად გააკონტროლებს. ის ფიზიკის კანონებზე დაფუძნებულ ფრენის სისტემას მოიცავს, რაც საშუალებას აძლევს, რომ გადაწყვეტილებები რეალურ დროში მიიღოს.
გუნდში ამბობენ, რომ სრული ავტონომიურობა "კოსმოსური ხომალდების ინჟინერიაში წმინდა გრაალია". Solo-ს მისია DeepSpace-2-ის ფარგლებში მიმდინარე წელს გამოცდიან. აპარატი დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდამდე მივა, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი პირდაპირ ბრძანებებს არ გასცემს. ის მხოლოდ ზონდის მონაცემებს გააანალიზებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ეს მას Autonomy-1-ისთვის მოამზადებს, რომლის განმავლობაშიც დედამიწის ორბიტაზე Solo-ს პირველი სრულმასშტაბიანი დემონსტრაცია შედგება. აპარატი დედამიწაზე ტელემეტრიულ და სამეცნიერო მონაცემებს გამოგზავნის, რითაც გავიგებთ, როგორ აკონტროლებს მას მოდელი. ეს კავშირი მხოლოდ ცალმხრივი იქნება.
Solo-ს სამეცნიერო ტვირთის აქტივობების მხარდაჭერაც დაევალება. ასეთია ჰელიოფიზიკური ინსტრუმენტი COMPASS, რომელიც NASA-ს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ აქამდე ორი მისია განახორციელა: 2023 წელს მცირე ზომის სატელიტი Brokkr-1 გაუშვა, 2025-ში კი — ზონდი Odin. პირველი მათგანი ვერ გააქტიურდა, მეორე კი ასტეროიდამდე უნდა მისულიყო და შეესწავლა, თუმცა კომუნიკაციის პრობლემის გამო მასთან კავშირი გაწყდა.
კომპანია Autonomy-1-ზე დიდ იმედს ამყარებს. ის 2027 წლის დასაწყისშივე იგეგმება და Stoke Space-ისთვისაც მნიშვნელოვანია, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებს ქმნის.


კომენტარები