ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
ფოტო: Book Hut from Pexels
ორსულობის დროს შეიძლება ზოგი ინფექცია დედიდან ნაყოფს პლაცენტის გავლით გადაედოს. ახალი კვლევის ფარგლებში ეს ბავშვში აუტისტური სპექტრის აშლილობისა და გონებრივი განვითარების დარღვევის რისკთან დააკავშირეს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა.
საუბარია ე.წ. TORCH ინფექციებზე, რომლებიც მოიცავს: ციტომეგალოვირუსს, ჰერპესვირუსს, ტოქსოპლაზმოზს, სიფილისს, წითურას და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ჩანასახში ძალიან იშვიათად გადადის და აუტიზმის ყველა შემთხვევის ძალიან მცირე ნაწილთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ მკაფიო კავშირი გამოავლინეს.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კავშირი მიზეზ-შედეგობრიობას არ ნიშნავს. შესაბამისად, კვლევის მიხედვით ვერ დავასკვნით, რომ ეს ინფექციები აუტისტური სპექტრის აშლილობას ან გონებრივი განვითარების პრობლემებს აუცილებლად პირდაპირ იწვევს.
მეცნიერებმა შვედეთში 1987-2021 წლებს შორის დაბადებული 3.7 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათგან 975-ს თანდაყოლილი TORCH ინფექციების დიაგნოზი ჰქონდა დასმული. მკვლევრებმა ამ ინდივიდების მდგომარეობას სამი დეკადის განმავლობაში მიადევნეს თვალი.
შედეგებმა აჩვენა, რომ თანდაყოლილი TORCH ინფექციების მქონე ადამიანებში მოგვიანებით აუტიზმის დიაგნოზირების ალბათობა სამჯერ იყო გაზრდილი, გონებრივი განვითარების დარღვევის — შვიდჯერ, ხოლო ამ უკანასკნელის მძიმე ფორმების — 30-ჯერ. ეს იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც მუცლადყოფნისას მსგავსი ინფექციები არ შეხვედრიათ.
პოპულაციურ დონეზე ამგვარი კავშირი აუტისტური სპექტრის აშლილობის შემთხვევების დაახლოებით 0.034%-ში იკვეთება, გონებრივი განვითარების პრობლემების მხრივ კი მაჩვენებელი 1.2%-ია. სტატისტიკურად, თანდაყოლილი TORCH ინფექციების მქონე 5-იდან 1 ბავშვს შეიძლება აუტიზმი გამოუვლინდეს.
საინტერესოა, რომ გონებრივი განვითარების დარღვევასთან მსგავსი ავადობის კავშირი აქამდეც იყო დაფიქსირებული. ამის მიუხედავად, აუტიზმთან ასოციაცია ასეთი მკაფიო არ ყოფილა, რადგან წინა კვლევები ადამიანთა მცირე ჯგუფის მონაცემებს ეყრდნობოდა. ახალი ნაშრომი მათთან შედარებით ბევრად მასშტაბურია.
ასევე, კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა TORCH ინფექციების მქონე ჯგუფში შემავალი ადამიანების მდგომარეობა თავად მათი ჯანმრთელი და-ძმებისას შეადარეს, რათა უფრო ზუსტი შედეგები მიეღოთ. ზემოხსენებული კავშირი ამ შემთხვევაშიც შენარჩუნდა. შესაბამისად, ოჯახური ფაქტორების გავლენა გამოირიცხა.
მკვლევრები ამბობენ, რომ იმ პირებში, რომელთაც მუცლადყოფნისას ინფექცია გადაედოთ და ამ ორიდან არცერთი დიაგნოზი არ ჰქონიათ, სწავლის პრობლემებიც დაფიქსირდა. ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ მსგავს ავადობას ტვინის განვითარებაზე ხანგრძლივი ეფექტი აქვს.
ავტორების თქმით, ასეთი ინფექციების პრევენცია მნიშვნელოვანია, მათ შორის ვაქცინაციით. ასევე, ინდივიდუალური ინფექციისას:
- ტოქსოპლაზმოზი (T) — უმი ან თერმულად საკმარისად დაუმუშავებელი ხორცის მიღებისგან თავის შეკავება, ბოსტნეულის კარგად გარეცხვა და კატის ფეკალიებთან შემხებლობისას ჰიგიენის დაცვა;
- სხვა ინფექციები (O) — ორსულობისას სკრინინგი და ანტიბიოტიკური მკურნალობა;
- წითურა (R) — დაორსულებამდე ვაქცინაცია;
- ციტომეგალოვირუსი (C) — ხელების სისუფთავის დაცვა, მცირეწლოვანი ბავშვების ნერწყვთან ან შარდთან შემხებლობისგან თავის არიდება;
- ჰერპესვირუსი (H) — ორსულობისას დიაგნოსტირება და მკურნალობა. ზოგჯერ აქტიური გენიტალური ჰერპესისას საკეისრო კვეთა ტარდება.
კომენტარები