დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თბილისის 20-ამდე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებში გამოვლენილი გასტროენტერიტული გართულება ნოროვირუსთან დააკავშირა.

უცნობია, რამდენი პაციენტის ნიმუში გამოიკვლიეს ან რამდენს დაუდასტურდა ეს ვირუსი. ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, სტატისტიკა მნიშვნელოვანია, რადგან, შესაძლოა, ინფექცია რამდენიმე ბავშვს მართლაც აღმოაჩნდა, მაგრამ რეალური ეპიდაფეთქების თავდაპირველი მიზეზი სულ სხვა რამ იყოს.

ვინაიდან ოფიციალურ მიზეზად სწორედ ნოროვირუსი დასახელდა, მის შესახებ მოგიყვებით.

ის მსოფლიოში მწვავე გასტროენტერიტის (კუჭისა და ნაწლავების ანთება) ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში ნოროვირუსი ყოველწლიურად 21 მილიონამდე ადამიანს აინფიცირებს და 900-ამდე პაციენტის, ძირითადად ხანდაზმულების, გარდაცვალების მიზეზი ხდება.

ვირუსი განსაკუთრებით ხშირად ზამთარში ვრცელდება, რის გამოც მას "კუჭის გრიპსაც“ უწოდებენ, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით ის ნამდვილ გრიპთან არანაირ კავშირში არ არის. ნოროვირუსი ადამიანის ორგანიზმში დაბინძურებული საკვებიდანაც შეიძლება მოხვდეს, ამიტომ ამგვარ ავადობას საკვებით მოწამვლადაც მოიხსენიებენ.

მთავარი სიმპტომები და საინკუბაციო პერიოდი

ნოროვირუსის ძირითადი სიმპტომებია: გულისრევა და ღებინება (უფრო ხშირად ბავშვებში), დიარეა (უფრო ხშირად მოზრდილებში), მუცლის სპაზმური ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და კუნთების ტკივილი.

ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე საინკუბაციო პერიოდი ჩვეულებრივ 12-იდან 48 საათამდე მერყეობს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ინფექციის სიმძიმე იმუნური სისტემის მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირშია. ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში ვირუსი ანთებით პასუხს სწრაფად იწვევს, მაგრამ სიმპტომები უფრო მსუბუქი და ხანმოკლეა.

ავადობა, როგორც წესი, 1-იდან 3 დღემდე გრძელდება, მაგრამ ყველაზე დიდი საშიშროება მისგან გამოწვეული დეჰიდრატაციაა (გაუწყლოება). განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმულები და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები.

გაუწყლოების ნიშნებია: თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, პირის სიმშრალე, შარდის შემცირება, ძილიანობა და ბავშვებში — უცრემლოდ ტირილი.

როგორ ვრცელდება ინფექცია?

ნოროვირუსი უკიდურესად გადამდებია. ის ვრცელდება:

  1. დაბინძურებული საკვებითა და წყლით: განსაკუთრებით საშიშია უმი ხამანწკები, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული;
  2. პირდაპირი კონტაქტით: ინფიცირებულთან ხელის ჩამორთმევით ან საერთო ჭურჭლის გამოყენებით;
  3. ზედაპირებით: ვირუსს შეუძლია სხვადასხვა ზედაპირზე, განსაკუთრებით პლასტმასასა და უჟანგავ ფოლადზე, 2 კვირამდე გაძლოს;
  4. ჰაერით: ღებინების დროს ვირუსის ნაწილაკები ჰაერში ვრცელდება და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აქტიურია.

პაციენტი ყველაზე მეტად გადამდები სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაშია, მაგრამ საფრთხე გამოჯანმრთელებიდან კიდევ ორი კვირის განმავლობაში ნარჩუნდება.

მკურნალობა და პრევენცია

ვინაიდან ნოროვირუსი ვირუსული ინფექციაა, მასზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებს. დღეისათვის არც სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატი და არც დამტკიცებული ვაქცინა მოგვეპოვება.

მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია და გულისხმობს:

  1. სითხეებისა და ელექტროლიტების მიღებას (რეკომენდებულია სააფთიაქო სარეჰიდრატაციო ხსნარები);
  2. დასვენებასა და მსუბუქ, დიეტურ კვებას;
  3. შაქრიანი, კოფეინიანი და ალკოჰოლური სასმელებისგან თავის შეკავებას, რადგან ისინი გაუწყლოებასა და დიარეას აძლიერებს.

როგორ დავიცვათ თავი?

CDC-ის მთავარი რეკომენდაცია საპნითა და წყლით ხელების მინიმუმ 20 წამის განმავლობაში დაბანაა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სპირტის შემცველი ხელის სანიტაიზერები ნოროვირუსის წინააღმდეგ არაეფექტიანია. სახლში ინფიცირებული ოჯახის წევრის ყოფნის შემთხვევაში ზედაპირები ქლორის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებით უნდა დამუშავდეს, პაციენტი კი სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 48 საათი იზოლაციაში უნდა დარჩეს.

ნოროვირუსი და ორსულობა

ვირუსი პლაცენტურ ბარიერს ვერ კვეთს, შესაბამისად, ის ნაყოფს პირდაპირი გზით არ აზიანებს. ამის მიუხედავად, მთავარი საფრთხე დედის ორგანიზმის გაუწყლოებაა. დეჰიდრატაციის გამო სხეული საკვებიდან საჭირო ნივთიერებებს ვეღარ ითვისებს, რამაც შეიძლება ნაყოფის ზრდის შეფერხება ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ინფიცირებული ორსულებისთვის სითხის ბალანსის მკაცრი კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.