მეცნიერებმა ბოლო 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, პინგვინის სრულიად ახალი სახეობა აღმოაჩინეს. სამეცნიერო ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კერგელენის იზოლირებულ კუნძულებზე მობინადრე პოპულაცია დამოუკიდებელი სახეობაა.

ადრე სამეცნიერო საზოგადოება მიიჩნევდა, რომ სუბანტარქტიკული პინგვინები (Pygoscelis papua, გენტუ) ერთ, ფართოდ გავრცელებულ სახეობად ერთიანდებოდნენ. ამის მიუხედავად, კალიფორნიის უნივერსიტეტსა (ბერკლი) და ჩილეში მომუშავე მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ 64 პინგვინის გენომის შესწავლამ აჩვენა, რომ, რეალურად, საქმე ოთხ განსხვავებულ სახეობასთან გვაქვს. ერთი მათგანი აქამდე სახელდებული არ ყოფილა.

"ალბათ, არ არსებობს პინგვინის სხვა სახეობა, რომლის ტაქსონომიაც იმაზე მეტად სადავო იყოს, ვიდრე გენტუსი. 100 წელზე მეტია, საკამათოა, თუ რამდენი სახეობა ან ქვესახეობა არსებობს. ჩვენს ნაშრომში უახლესი ინტეგრირებული მიდგომების გამოყენებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა", — აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის თანაავტორი, რორი ბოუი.

რატომ გაიყო პინგვინების ერთი სახეობა ოთხად

ახლად აღმოჩენილ სახეობას მეცნიერებმა Pygoscelis kerguelensis უწოდეს. ის ე.წ. კრიპტული სახეობაა, რაც ნიშნავს, რომ ვიზუალურად (თეთრი მუცლითა და შავი ზურგით) ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც სხვა გენტუები, მაგრამ გენეტიკურად მათგან რადიკალურად განსხვავდება. კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ გენტუს კიდევ სამი პოპულაცია, რომლებიც აქამდე მხოლოდ ქვესახეობებად მიიჩნეოდა, სრულფასოვან და დამოუკიდებელ სახეობებად შეიძლება კლასიფიცირდეს.

მკვლევართა განმარტებით, პინგვინების ოთხ სახეობად დაყოფა 300 000-500 000 წლის წინ დაიწყო და ეს პროცესი მათი კვების სპეციფიკამ განაპირობა. მკაცრი დიეტის მქონე პინგვინებისგან განსხვავებით, გენტუ მოქნილი მჭამელია და იკვებება ყველაფრით, რასაც წყალში დაიჭერს: თევზით, კრილითა თუ კალმარით. ასეთი რაციონის გამო მათ საკვების საძიებლად შორს წასვლა არ უწევთ და წლიდან წლამდე ერთსა და იმავე იზოლირებულ კუნძულებზე რჩებიან.

ათასობით წლის განმავლობაში ამ გეოგრაფიულმა იზოლაციამ ლოკალურ გარემოსთან პოპულაციების გენეტიკური ადაპტაცია გამოიწვია. მაგალითად, უშუალოდ ანტარქტიდაზე მცხოვრებ სახეობას უკიდურეს სიცივესთან გამკლავებისა და ყინულიდან არეკლილი სინათლის აღქმის ხელშემწყობი გენები განუვითარდა; სამხრეთ ამერიკასთან მობინადრე სახეობას წყალქვეშ ხანგრძლივად ნადირობისთვის საჭირო კუნთების მუშაობაზე პასუხისმგებელი გენები გაუაქტიურდა, ხოლო აღმოსავლეთის პოპულაციას — ჟანგბადის ეფექტიანად განაწილებისა და ყვინთვის უნარი.

სად წავლენ პინგვინები, როცა ოკეანე გათბება?

მიუხედავად ახალი აღმოჩენისა, იზოლირებულ კუნძულებზე მობინადრე გენტუს პინგვინებს უკვე დიდი საფრთხე ემუქრებათ. მეცნიერებმა კლიმატის ცვლილების მოდელები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ 2050 წლისთვის სამმა სახეობამ (მათ შორის ახლად აღმოჩენილმა) შესაძლოა, საცხოვრებელი არეალი სრულად დაკარგოს.

"ანტარქტიდაზე, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილების გამო სხვა სახეობები არიან საფრთხეში და არა გენტუ. მას ყველაზე დიდი საშიშროება სუბანტარქტიკულ რეგიონში ემუქრება", — განმარტავს ჩილეს ანდრეს ბელიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯულიანა ვიანა, და დასძენს: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩართული ქვეყნის კონსერვაციის ინსტიტუტებმა ეს აღიარონ და პინგვინის ამ სამი სახეობის გადასარჩენად შესაბამისი ზომები მიიღონ".

მკვლევრები ხაზგასმით ამბობენ, რომ ოკეანეების დათბობის გამო ეს პინგვინები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან ისინი კონკრეტულ, ერთმანეთისგან დაშორებულ კუნძულებზე არიან ენდემურად დამოკიდებულნი. გარემოს შეცვლის შემთხვევაში მათ სხვა ტერიტორიებზე მიგრაცია გაუჭირდებათ, რადგან ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცე ფიზიკურად არ არსებობს.

როგორც პროფესორი ვიანა აღნიშნავს:

"კლიმატის ცვლილების კუთხით კუნძულზე მცხოვრები სახეობები, რომელთაც მართლაც მცირე პოპულაცია აქვთ, შეიძლება სუბანტარქტიკულ გენტუს პინგვინებს შევადაროთ. გალაპაგოსისა და სხვა კუნძულის პინგვინების სახეობებს, გარემოს შეცვლის შემდეგ წასასვლელი არსად ექნებათ, რადგან ისინი იქ ენდემურად ცხოვრობენ. ეს კუნძულები ძალიან იზოლირებულია და ამ პინგვინებს სხვა რეგიონთან მარტივად ადაპტირება არ შეუძლიათ".

კლიმატის ცვლილებების ფონზე შედარებით დაცული მხოლოდ ერთი სახეობაა — Pygoscelis ellsworthi, რომელიც უშუალოდ ანტარქტიდაზე ბინადრობს. მოსალოდნელია, რომ მისი გავრცელების არეალი ყინულის დნობასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება მაშინ, როცა იმავე კლიმატურ პირობებში იმპერატორისა და ადელის პინგვინების პოპულაციები საგრძნობლად მცირდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.