პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
ფოტო: Getty Images
2000 წლის განმავლობაში პართენონის ხუროთმოძღვრებს ნაგებობაში დამალული ოპტიკური ილუზიის მოფიქრებასა და განხორციელებას მიაწერდნენ. ეს პირველად რომაელმა არქიტექტორმა, ვიტრუვიუსმა, ათენას ტაძრის აგებიდან დაახლოებით 400 წელში ივარაუდა. მისი აზრით, სტრუქტურის სიმრუდეები და არათანაბარზომიერება სპეციალურად იყო გათვლილი, რათა შენობა მნახველს იდეალურად გამართული მოსჩვენებოდა.
საუბარია ე.წ. ოპტიკურ შესწორებებზე, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა აქამდე საკითხის ღრმა ანალიზი არ მოგვეპოვებოდა. ახალი კვლევის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მათემატიკოსმა, ალენ გორილმა, სწორედ ეს გააკეთა. იგი ვარაუდობს, რომ პართენონის ასაშენებლად არქიტექტურული გადაწყვეტები მსგავს შესწორებებს სულაც არ ისახავდა მიზნად. ყოველ შემთხვევაში, მან ამის ხელშესახებ მტკიცებულებას ვერ მიაგნო.
მისი თქმით: "ეს ილუზიები ან მტკიცებულებებით გამყარებული არაა, ან იმდენად უმნიშვნელოა, რომ ჩვეულებრივ პირობებში დაკვირვებისას აღქმადი ეფექტი არ გააჩნია".
ავტორმა დეტალური მათემატიკური მოდელები და ნაგებობის შესახებ მონაცემები გამოიყენა. შედეგად, მან პართენონის დიზაინის შესახებ 4 მთავარი "მითი" გამოავლინა:
- ერთგვარი პლატფორმა (არქიტექტურულად — ბაზისი), რომელზეც ტაძრის სვეტები დგას, შუაში ოდნავ ამოზნექილია. ფიქრობდნენ, რომ წინიდან შენობა სწორად გამართული ზუსტად ამის გამო ჩანდა, მაგრამ მოდელებმა ამის დასტურს ვერ მიაგნო. ალენ გორილი ფიქრობს, რომ ასეთი ფორმის რეალური მიზეზი შეიძლება დრენაჟის ხელშეწყობა უფრო ყოფილიყო;
- თავად სვეტების გამსხვილება, იგივე ენტაზისი, იმას ემსახურება, რომ ისინი შეჭყლეტილი არ გამოჩენილიყო. ამ შემთხვევაშიც მათემატიკოსმა მტკიცებულება ვერ ნახა. იგი ალტერნატიულ ახსნად გვთავაზობს, რომ მსგავსი დიზაინი ესთეტიკურ მიზანს ემსახურებოდა;
- ტაძრის კუთხეში სვეტები უფრო სქელია, რათა უკან მდებარე, ნაკლებად განათებულ სვეტებთან შესაბამისობაში იყოს. კვლევის თანახმად, არ დასტურდება, რომ ასეთი ე.წ. ურთიერთსაწინააღმდეგო ილუზია რეალურად მუშაობს. შესაძლოა, ეს მხოლოდ სტრუქტურული არჩევანი ყოფილიყო;
- შედარებით მაღლა განთავსებული სკულპტურები დიდი ზომისაა, რათა ამით გაანეიტრალოს ეფექტი, რომ მნახველისგან შორსაა. გორილი ამბობს, რომ ამას ჩვენი ტვინი ისედაც ავტომატურად აკორექტირებს, ამიტომ საქმე ბუნებრივ ვარიაციასთან ან მხატვრულ გადაწყვეტასთან გვაქვს.
კვლევის ავტორი ამბობს, რომ შეცდომაში რამდენიმე ფაქტორს შევყავართ. მათ შორისაა სამგანზომილებიან ფორმებზე ორგანზომილებიანი სივრცის კონცეფციების მორგება; ასევე, იდეა, რომ ძველბერძენი ხუროთმოძღვრების განზრახვის ცოდნა შეგვიძლია ან ის, რომ არსებობდა გამიზნული დაკვირვების წერტილები, რომლებიდანაც აღნიშნული ილუზიები უნდა გამოჩენილიყო.
ალენ გორილი ამბობს, რომ ეს ერთი მაგალითია, თუ რატომ უნდა დავაყენოთ გამოწვევის წინაშე საკუთარივე ცოდნა და რამდენად მნიშვნელოვანია დაკვირვება და ექსპერიმენტები.
"მკითხველს ვიწვევ, რომ ეს ნაშრომი გადადოს და ქალაქში გაისეირნოს. ყურადღება არ მიაქციოთ ინტელექტუალებს, რომლებსაც ბევრი დრო აქვთ, ჩემი ჩათვლით. თქვენს თვალებს დაუჯერეთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ, რას ხედავთ და თავად გადაწყვიტეთ, რამდენად ლოგიკურია ოპტიკური შესწორებების თეორია", — წერს მეცნიერი.
უნდა ითქვას, რომ მას "მითების" საწინააღმდეგო არგუმენტები ადგილზე, საბერძნეთში, არ დაუტესტავს. შესაძლოა, ამისთვის პართენონის რეალური ზომის მოდელი გამოიყენოს, რომელიც ნეშვილშია.
მისი ნაშრომი გამოცემაში Royal Society Open Science გამოქვეყნდა.

კომენტარები