მიმდინარე წლის დასაწყისში ილონ მასკმა განაცხადა, რომ 10 წელზე ნაკლებ დროში მთვარეზე ქალაქის აშენება სურს. ამისთვის მთავარი ისაა, თუ რამდენად დააკმაყოფილებს ადგილობრივი რესურსები ადამიანთა კოლონიას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, წყალია.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს. მათი დასკვნით, დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე საკმარისი წყალი არაა იმისთვის, რომ მასშტაბური და ხანგრძლივად არსებული ბაზები დააკმაყოფილოს.

ამჟამინდელი მონაცემებით, მთვარეზე მუდმივ ჩრდილში მოქცეულ რეგიონებში დაახლოებით 600 მილიონი მეტრული ტონა წყლის ყინული უნდა იყოს. სპეციალისტებმა გამოითვალეს, რამდენი ხანი ეყოფა ეს მარაგი ქალაქს, რომელშიც 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გამოცემაში Frontiers in Space Technologies გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, ეს მათ მხოლოდ 2 წელზე ოდნავ მეტხანს ეყოფა.

წყალი მთვარის პოლუსების მიმდებარედაა და იქ ამ ნაერთით მდიდარი ასტეროიდების მეშვეობით უნდა მოხვედრილიყო. ამ ადგილებში დიდი ზომის კრატერების კიდეები მზის სინათლეს ეფარება, ამიტომ ფსკერი მუდმივ სიბნელეშია. შესაბამისად, იქ ყინულის შესანარჩუნებლად სათანადო პირობებია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავს არეალებში წყლის მარაგია შემონახული.

"მთვარის პოლუსებზე წყლის არსებობა იქ ადამიანთა გამგზავრების მხრივ ყველაფერს ცვლის. ამის გამო მარტივი ხდება 'მთვარის სოფლის' წარმოდგენა, რომელშიც ადამიანები დედამიწიდან ყველა საჭირო რესურსის წაღების გარეშე გადარჩენას შეძლებენ. ისინი საკუთარ საკვებს აწარმოებენ, ასევე შხაპი და ფუნქციური ტუალეტი ექნებათ", — ამბობს კვლევის თანაავტორი, მარტინ ელვისი, რომელიც სმიტსონის ასტრონომიულ ობსერვატორიაში მუშაობს.

ზუსტად არ ვიცით, რამდენი ყინულია მთვარეზე. ამის მიუხედავად, ყველაზე პოზიტიური სცენარის შემთხვევაშიც კი ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში "თვითკმარი" ქალაქისთვის საკმარისი მაინც არ იქნება. ეს მაქსიმალური ოდენობა 1 მილიარდი მეტრული ტონაა, ანუ რეალურად არსებულზე, სავარაუდოდ, 20-30-ჯერ ნაკლები. დაადგინეს, რომ ის მაინც მხოლოდ რამდენიმე წლისთვის იქნება სამყოფი.

რა მოხდება, თუ მთვარეზე გადამუშავების ისეთივე ტექნოლოგიას გამოვიყენებთ, როგორიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა დანერგილი?

მეთოდის 98% ეფექტიანობის შემთხვევაში, წყალი 1-მილიონიან პოპულაციას საუკუნეზე ოდნავს მეტხანს ეყოფა; რაც შეეხება მთვარის "პატარა სოფლებს", თუ იქ დაახლოებით 1000-10 000 ადამიანი იცხოვრებს, წყალი რამდენიმე საუკუნეში ამოიწურება.

მკვლევრების თქმით, მასკის იდეის მსგავსი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად პირველი ნაბიჯი მეტი წყლის პოვნა უნდა იყოს. მათი თქმით, ასევე შესაძლებელია გადამუშავების ეფექტიანობის გაზრდა, წყლის გამოყენების შემცირება, ასტეროიდებიდან მარაგის შევსება და ა.შ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.